ახალი ამბები

არასამთავრობოები „ოცნების“ ლიდერებს წარსულში საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობას ახსენებენ

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 7 აპრილს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ლიდერებს „ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას“ აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში მუშაობისას.  

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 3 აპრილს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ  გააკეთა განცხადება. 2023 წლის 7-9 მარტის მასობრივი აქციების შემდეგ პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო. მდინარაძის თქმით, კანონპროექტის შინაარსი იგივე რჩება და მხოლოდ მისი სათაური იცვლება. შესაბამისად, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „’რუსული კანონის’ ავტორი პარტიის წარმომადგენლები ათწლეულების განმავლობაში საქმიანობდნენ აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში“. მათ შორის:

– ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი – 9 წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ისა და გაეროს ორგანიზაციებში;

– შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე – 17 წელი მუშაობდა გერმანულ ფონდში;

– დეპუტატი გივი მიქანაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – 10 წელი ევროსაბჭოს, ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა;

– დეპუტატი რატი იონათამიშვილი, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – 9 წელი ევროკავშირის, USAID და სხვა საერთაშორისო ფონდების დაფინანსებას იღებდა;

– დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – 11 წელი მუშაობდა ევროკავშირისა და გაეროს პროგრამებში;

– დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი – 3 წელი მუშაობდა აშშ-ის ორგანიზაციებსა და „სოროსის ფონდში“;

– დეპუტატი მაია ბითაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი – 15 წელი მუშაობდა გაეროს, ეუთოს, მსოფლიო ბანკის ორგანიზაციებში

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მათი ნაწილი, როგორც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე მუშაობდნენ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართლმსაჯულების, თანასწორობის, თვითმმართველობისა და სხვა საკითხებზე.

„დღეს ისინი აცხადებენ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებსაც წლების განმავლობაში თავად წარმოადგენდნენ, უცხო სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ და საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის. შესაბამისად, მოვუწოდებთ მათ, ქართველ ხალხს საჯაროდ აუხსნან, ვინმე ავალებდათ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას და თუ კი, დაასახელონ კონკრეტული შემთხვევები“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ საკუთარი წესდებებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და საქართველოში დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების გასაძლიერებლად“, – აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ ადამიანის უფლებათა ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი, მწვანე ალტერნატივა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, პლატფორმა სალამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, საფარი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს ევროპული ორბიტა, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, საქართველოს სასამართლოს გუშაგი, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, თბილისი პრაიდი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button