ახალი ამბები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შვეიცარიას და ლიხტენშტაინს სტუმრობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილს ხელმძღვანელობით 12-16 მარტს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიას და ლიხტენშტაინს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ერიკ ნუსბაუმერს შეხვდა. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები შვეიცარიის მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

შეხვედრა შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან

13 მარტს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ერიკ ნუსბაუმერს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შვეიცარიის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე, საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული „მჭიდრო საპარლამენტო კავშირები“. ​შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა 2022 წელს, შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და აღნიშნა, რომ მისი საპასუხო ვიზიტი შვეიცარიაში „დადებით მუხტს სძენს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობებს“. მხარეებმა აგრეთვე მიმოიხილეს წარმატებული სექტორული თანამშრომლობა ჯანდაცვის, პროფესიული განათლების, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის და სხვა მიმართულებებით.

შეხვედრის შემდეგ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას „მომდევნო წლებში კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა განათლების, ჯანდაცვის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ხალხთა შორის კავშირების სფეროში“.

შეხვედრა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს იგნაციო კასისს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე.

„შალვა პაპუაშვილმა შვეიცარულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიის, როგორც შუამავლის მნიშვნელოვანი როლი, თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესრელიზში.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე, ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე. 

შეხვედრა შვეიცარიის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტთან

შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტს, ევა ჰერცოგს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ევა ჰერცოგს შვეიცარიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, კონფლიქტების მოგვარებისა და დემოკრატიული პროგრესის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის საკანომდებლო ორგანოებს შორის კავშირებზე, მათ შორის, მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე. მათ ასევე განიხილეს საქართველოს პარლამენტის საქმიანობა, საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევები და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს გეგმები.

შეხვედრა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დირექტორთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დირექტორმა პატრიცია დანციმ საქართველოში განხორციელებული პროექტები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო სოციალური და გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების და სხვა მიმართულებებით მიმდინარე აქტივობებს და მომავალი თანამშრომლობის საკითხებს. აგრეთვე, მხარეებმა მიმოიხილეს შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრები, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესები და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები.

შეხვედრა ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრთან

15 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტaინის პრემიერ-მინისტრს დანიელ რიშს შეხვდა. პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიხტენშტაინს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული დღის წესრიგი, მიმდინარე რეფორმები და სამომავლო სტრატეგიები. პრემიერ-მინისტრმა რიშმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს ლიხტენშტაინის პრიორიტეტების მხარდაჭერისთვის ევროპის საბჭოში მისი თავმჯდომარეობის პერიოდში. მან დაადასტურა ერთგულება გაეროსა და ევროპის საბჭოში საქართველოს შესახებ რეზოლუციების მხარდაჭერის მიმართ. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში.

შეხვედრა ლიხტენშტაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან

შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს პარლამენტის თავმჯდომარეს ალბერტ ფრიკს შეხვდა. პარლამენტების თავმჯდომარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის „ნაყოფიერ თანამშრომლობაზე“ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს. ​მხარეებმა აგრეთვე მიმოიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობა, პარტნიორობა სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button