ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 22 თებერვალს პლენარულ სხდომაზე პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ბოლო საანგარიშო გამოსვლისას, პაპუაშვილმა ამ მოწვევის პარლამენტის მონაწილეობით განვითარებული პროცესები შეაჯამა, რომლებიც, მისი შეფასებით, პოლიტიკური და ისტორიული მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს და მის ხელისუფლებას რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევისთვის თავის გართმევა მოუხდა, მათ შორისაა: პანდემია, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორცილებული აგრესიით გამოწვეულ საფრთხეები და „ოპოზიციის რადიკალიზაცია“. თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლებამ შეძლო ამ გამოწვევებთან გამკლავება  და მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებასთან ერთად, „ისტორიულ წარმატებებს“ მიაღწია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ანგარიშის წარდგენისას მუდმივად ისმოდა ოპოზიციის კრიტიკა. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 2023 წელს საქართველოს პარლამენტის 65 პლენარული სხდომა ჩატარდა,  პარლამენტმა 622 კანონი მიიღო, 54 საერთაშორისო შეთანხმებას მოაწერა ხელი, ნდობის ჯგუფის 14 შეხვედრა გამართა, თუმცა „სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ოპოზიციას ამგვარი კანონების განხილვაში თითქმის არ მიუღია მონაწილეობა“.

პაპუაშვილმა ოპოზიციისა და მისი „მოკავშირე არასამთავრობო სექტორის“ მიერ გამოყენებულ „დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის ტალღების ანატომიაზე“ გაამახვილა ყურადღება და ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რატომ იყენებს ხელისუფლება „სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას“ საგარეო ურთიერთობებში. მან განმარტა, თუ რატომ არ შეუძლია საქართველოს მეტის გაკეთება რუსეთიდან მომავალი საფრთხის პირისპირ და აღნიშა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ეს უკეთ ესმით, ვიდრე ოპოზიციას, რომელიც ხელისუფლებას პრო-რუსულობას „აბრალებს“.

მან ასევე ისაუბრა „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის გარშემო მიმდინარე „დეზინფორმაციული კამპანიის“, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, სანქციებისთვის თავის არიდებაში საქართველოს მიერ რუსეთის ვითომდა დახმარების და სასამართლო სისტემის გარშემო არსებული „დეზინფორმაციის“ შესახებ.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გააკრიტიკა: „ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქვეყნის გამთიშველი აღმოჩნდა, რომელმაც რადიკალიზაციის ხელშეწყობით, პრაქტიკულად, რადიკალური ოპოზიციის თამაში გაიზიარა და ამით მნიშვნელოვნად დააზარალა არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და ინტერესები“.

მან დაადასტურა პარლამენტის ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა: „სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს ნატო-ც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმებს შესთავაზებს, რომლების შესრულებაც ჩვენს ქვეყანას ისევე დააახლოებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა“.

ოპოზიციის კითხვები ძირითადად პაპუაშვილის გამოსვლას ეხებოდა. ასევე დაისვა კითხვები სანქციების თავიდან აცილების, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების, ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონების ბედის, ოპოზიციისთვის მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლების მინიჭების და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის შესახებ. პაპუაშვილის პასუხები ბუნდოვანი იყო, მან უარყო ოპოზიციის ბრალდებები და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.  

„რადიკალურ“ ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ 2022 წლის მოვლენები გაიხსენა, როდესაც ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ გააპროტესტა მთავრობის მიერ ჩარტერული რეისის გაუქმება, რომლითაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა გაფრენილიყვნენ. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს და დასძინა: „იცით აეროპორტი, იცით ბილეთი როგორ აიღოთ, თუ გინდათ თავგანწირვა, იცით როგორ ჩახვიდეთ იქ, სადაც შეგიძლიათ თქვენი გმირობა დაადასტუროთ. ხალხის ხარჯზე გმირობას თავი დაანებეთ!“.

იმავდროულად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის მუშაობაზე კითხვების დასმის ნაცვლად, პაპუაშვილის ქებითა და ოპოზიციის კრიტიკით შემოიფარგლნენ.

ერთადერთი კითხვა, რომელსაც სპიკერმა მკაფიო პასუხი გასცა, დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ კორძაიას კითხვა იყო. კორძაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ მინისტრებმა უნდა უპასუხონ დეპუტატების წერილობით კითხვებს და იკითხა, მიაჩნია თუ არა პაპუაშვილს პასუხების გაუცემლობა არაკონსტიტუციურად, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე დაეთანხმა და ამ საკითხზე მუშაობას დაპირდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button