პაპუაშვილი არასამთავრობოებს „გაუმჭვირვალობასა“ და „პოლიტიკურ მიკერძოებაში“ ადანაშაულებს
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 9 თებერვალს გრძელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს „გაუმჭვირვალობასა“ და „პოლიტიკურ მიკერძოებაში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამ „ორმაგი გამოწვევის“ საპასუხოდ საჭიროა არასამთავრობოების საქმიანობის სრული გასაჯაროება და დონორების მხრიდან პასუხისმგებლობის გაზიარება იმ საქმიანობაზე, რომლებსაც მათი სახელის გამოყენებით არასამთავრობოები ეწევიან.
შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის განხორციელებაზე, რათა ქვეყანა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე გადავიდეს. მან აღნიშნა, რომ ეს პერიოდი „გამოწვევებით იქნება აღსავსე“, ვინაიდან გაწევრიანების პროცესი წლის ბოლოს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ემთხვევა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ქართული სამოქალაქო საზოგადოება იყოს „აქტიური, კეთილგანწყობილი და კონსტრუქციული“ და ამის მაგალითად პარლამენტსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ქართულ ეროვნულ პლატფორმას შორის მიმდინარე თანამშრომლობა დაასახელა.
პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლება მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, მაგრამ აღნიშნავს, რომ „ზოგიერთი სერიოზული საკითხი მოუგვარებელი რჩება, რომლებიც, საბოლოოდ, ნდობისა და პოლიტიკური მიუმხრობლობის საკითხებამდე დაიყვანება“. მან ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთი არასამთავრობოს ბოლოდროინდელი ქმედება, ამ თვალსაზრისით, არანაირი პროგრესის ნიშანწყალს არ შეიცავს. „აღმოსავლეთის პარტნიორობის ინდექსის ბოლო ანგარიში რომელიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახლახანს დაწერეს, უსამართლოდ მიკერძოებული იყო საქართველოს წინააღმდეგ“, – ნათქვამია წერილში. მან ის ორგანიზაციებიც გააკრიტიკა, რომელთაც „ეროვნული პლატფორმა“ დატოვეს და განაცხადა, რომ ეს „ამგვარი უპასუხისმგებლობის კარგი მაგალითია, ვინაიდან პარლამენტმაც და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმაც მათი გადაწყვეტილების შესახებ პოსტ-ფაქტუმ შეიტყვეს, მაშინ, როცა დონორებმა ეს გადაწყვეტილება წინასწარ იცოდნენ“.
„მდიდარი ენჯეოების“ თემაზე საუბრისას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საკმაოდ მდიდარია. ისინი უფრო მდიდრები იქნებოდნენ, ვიდრე უმეტესი პოლიტიკური პარტია, ასეთად რომ დარეგისტრირებულიყვნენ“. მისივე თქმით, პატარა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიღებული სარგებელი მათ პარტიებზე „არასათანადო გავლენის“ ბერკეტს აძლევს. მან სახალხო დამცველის არჩევის პერიოდი გაიხსენა, როდესაც, მისი თქმით, არასამთავრობოებმა „დაიწყეს პატარა პარტიებზე წნეხის მიტანა, რომ ამ უკანასკნელებს თავი შეეკავებინათ სახალხო დამცველისთვის ხმის მიცემისაგან“. „და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ არასამთავრობოებს სახალხო დამცველის კანდიდატი თვალში არ მოუვიდათ“, – ნათქვამია წერილში.
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ეს პოლიტიკურად აქტიური ორგანიზაციები არ მიიჩნევენ თავს ანგარიშვალდებულად არც ფართო სამოქალაქო საზოგადოების და არც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინაშე“. მეტიც, „იგივე არასამთავრობოები, რომლებმაც „ინდექსის“ შედეგები დაამახინჯეს, ახლა „ევროკავშირისკენ 9 ნაბიჯის“ პროცესით მანიპულირებას ცდილობენ“, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. „ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არა ხალხის, არამედ დონორების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი, დონორების პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს“, – აცხადებს პაპუაშვილი და დასძენს, რომ „სამოქალაქო საზოგადოება გავლენიან პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა“ და ამიტომ უფრო სერიოზული მიდგომაა საჭირო.
პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ „უცხოური დაფინანსების მთავარი პრობლემა გაუმჭვირვალობაა“. „არ არსებობს დამაჯერებელი ახსნა იმისა, თუ რატომ უნდა იყოს ეს ფინანსები გაუმჭვირვალე. ცხადია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არასოდეს განუცდიათ დევნა მათი საქმიანობის გამო, ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა“, – აცხადებს პაპუაშვილი.
აღნიშნა რა, რომ საქართველოში ხალხიც და ბიზნესიც ფულს წირავს პოლიტიკურ პარტიებს, ოპოზიციური პარტიების ჩათვლით, და ასევე საკმაოდ დიდი ფული იხარჯება ქველმოქმედებაზე, „გასაკვირია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვერაფრით მოახერხეს ხალხისა და ბიზნესის დარწმუნება, რომ მათგან დაფინანსება მიიღონ და, ამიტომაც, თითქმის მთლიანად უცხოეთზე არიან დამოკიდებულნი“.
პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობოები „პოლიტიკურად მიკერძოებულნი“ არიან, რადგანაც ცხადად ჩანს ზოგიერთი მათგანის კავშირი სააკაშვილის მთავრობის ყოფილ თანამდებობის პირებთან. „რა გასაკვირია, რომ სამოქალაქო სექტორი განსაკუთრებით გააქტიურდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ და, გარკვეულ მომენტში, პირდაპირ პრეტენზია განაცხადა ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასა და ამ მთავრობის საქმიანობაში მონაწილეობაზე“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე. მისი თქმით, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“, შემჩნეული იყო „ხმის პარალელური დათვლის დამახინჯებაში 2020 წლის არჩევნებზე“ [იხილეთ “სამოქალაქო საქართველოს” სტატია ამ ბრალდებაზე “სამართლიანი არჩევნების” გამოხმაურების შესახებ]. მისივე თქმით, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ატარებს მათი შემქმნელი პოლიტიკური პარტიის სახელს და „ეს პარტიები ორგანიზაციების მიერ აღებულ უცხოურ ფულს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ“, რაც „კონსტიტუციის უხეში დარღვევაა“.
პაპუაშვილი ზემოთ აღწერილი „ორმაგი გამოწვევის“ საპასუხოდ ორი ნაბიჯის გადადგმის ინიციატივით გამოდის:
- ფინანსური გამჭვირვალების გაზრდა და არასამთავრობოების საქმიანობის სრული გასაჯაროება. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სამაგალითოა გამჭვირვალების თვალსაზრისით. მან აღნიშნა, რომ 2016 წელს არსებობდა კარგი წამოწყება, „გამჭვირვალების დეკლარაცია“, რომელიც მოგვიანებით დავიწყებას მიეცა. ისეთი წამოწყების აღირძინებას, როგორიც ვებ-პორტალი cso.ge იყო, მისი თქმით, არაფერი უშლის ხელს, გარდა თავად არასამთავრობო ორგანიზაციების კეთილი ნებისა.
- პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული მეორე ნაბიჯი იქნებოდა დონორების მხრიდან პასუხისმგებლობის გაზიარება იმ საქმიანობაზე, რომლებსაც მათი სახელის გამოყენებით არასამთავრობოები ეწევიან. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნების წინ შესაძლებელია საჯარო შეთანხმების დადება, რომელიც იმ არასამთავრობოების დაფინანსებისა და საქმიანობის სრულ გასაჯაროებას მოახდენს, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირში არიან, ან როგორც დამკვირვებლები, ან არჩევნებთან დაკავშირებული აქტივობის დამფინანსებლები. „არასამთავრობოების საქმიანობას მსგავსი ინიციატივა ყველა მხარისათვის უფრო სანდოს გახდიდა და მხარეებს შორის კონსტრუქციულ დიალოგსაც ხელს შეუწყობდა“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
გაიხსენა რა „2020 წლის არჩევნების შედეგების დისკრედიტაციის მიზნით წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია“, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „არჩევნები მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს. ყველა მოქმედმა პირმა – ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, მედიამ და საერთაშორისო სუბიექტებმა, პოლიტიკური და ფინანსური წვლილის გაღების პარალელურად, თავიანთი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)