skip to content
ახალი ამბები

პაპუაშვილი სტალინის გამოსახულებიან ხატთან დაკავშირებით ტოლერანტობის ცენტრს, SovLab-ს, არასამთავრობოებს და USAID-ს აკრიტიკებს

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც დაგმო „დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის ის ნაზავი, რომელიც საზოგადოებამ ეკლესიაზე და მის მრევლზე თავდასხმისას იხილა“. პაპუაშვილის თქმით, „საკმაოდ მყარად იქმნება აღქმა, რომ ეს შეტევა, რომელიც დღემდე გრძელდება, წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებულია“ და „მიუახლოვდა იმ საშიშ ზღვარს, რომლის მიღმაც სამოქალაქო მშვიდობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეიძლება იყოს“.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მოყვა თბილისის მთავარ საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულებიანი ხატის გამოჩენას, რამაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.

პაპუაშვილმა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ (SovLab) და მისი ხელმძღვანელი გიორგი კანდელაკიც გააკრიტიკა და განაცხადა: „განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ამ შეტევაში აქტიურად მონაწილეობენ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. უფრო მეტიც, სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ ხატთან დაკავშირებული ისტერია სწორედ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „სოვლაბის“ წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა გააჩაღა“.

მან სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს, ბექა მინდიაშვილს „ამ კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე“  უწოდა, რომელიც „გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით“. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „როგორც აღმოჩნდა“, ტოლერანტობის ცენტრი სულაც არ ყოფილა სახალხო დამცველთან არსებული ცენტრი, არამედ „არის ცალკე არსებული დამოუკიდებელი პროექტი, რაც თავის მხრივ პრობლემურია, ვინაიდან სახეზეა კონსტიტუციური ორგანოს სახელწოდების იმგვარად მითვისება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მოქალაქეები და ენჯეოს სახელმწიფო ინსტიტუტად წარმოაჩენს“. მან ხაზი გაუსვა, რომ ცენტრი ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში [შენიშვნა: პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს]. სახალხო დამცველის აპარატის ვებგვერდის თანახმად, ტოლერანტობის ცენტრი 2005 წლიდან არსებობს.

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „უკვე მერამდენედ, USAID ექცევა მისი სახელით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში“ და „ჩემი მოლოდინია, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა მალე გაერკვევა ამ საკითხში და იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესში“. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს „ენჯეო სექტორი თითქმის სრულად არის დომინირებული პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც უცხოური დაფინანსებით პარტიულ პროპაგანდას ეწევიან“.

ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ კვლავ წამოწია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხი და წუხილი გამოთქვა „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე კანონმდებლობის არარსებობის“ გამო. მმართველმა პარტიამ ამავე სახელწოდების კანონპროექტი 2023 წლის მარტში პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა მოგვიანებით საზოგადოების პროტესტის შედეგად უკან გაიწვია.

პაპუაშვილმა მოუწოდა დონორებს თავად გადაამოწმონ, „ხომ არ მიემართება მათი მოქალაქეების თანხები ისეთი პროექტების და ადამიანების დაფინანსებაში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ადამიანის უფლებების სფეროში ჩვენს საერთო ღირებულებებს და მიმართული არიან საზოგადოების რადიკალიზაციისკენ“.

20 იანვარს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან კომენტარში, საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობამ განაცხადა: „აშშ-ის მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, ქვეყნის ხელშეწყობის ფარგლებში და საქართველოს საკეთილდღეოდ, მრავალ ორგანიზაციასთან მუშაობს ტოლერანტობის მხარდასაჭერად. ჩვენ მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან იმის თაობაზე, თუ როგორ უჭერს მხარს ჩვენი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.

შენიშვნა: მასალა განახლდა 21 იანვარს და მას USAID-ის კომენტარი ჩაემატა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button