ახალი ამბები

ცხრა პირობის შესრულების თაობაზე მეორე სამუშაო შეხვედრამდე პაპუაშვილი ჟურნალისტებს ესაუბრა

16 თებერვალს, ევროკომისიის ცხრა პირობის შესრულების თაობაზე ოპოზიციის, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის წარმომადგენლისა და მმართველი პარტიის წევრების მეორე სამუშაო შეხვედრამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებს ესაუბრა. მან უპასუხა კითხვებს დაგეგმილი სამუშაო შეხვედრის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დასწრების, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებისა და ოპოზიციის შესახებ.

პაპუაშვილმა შეხვედრაზე განსახილველ სამი ძირითად თემაზე გაამახვილა ყურადღება. ესენია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ნორმების გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად; ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებული საკითხები და საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობის გადახედვა. მან ასევე აღნიშნა, რომ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად ამ უწყებების წარმომადგენლები მიიწვიეს.

ოპოზიცია გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიცვალოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შერჩევის პროცედურა, რათა ხელმძღვანელი პარლამენტის გადაწყვეტილებით დაინიშნოს, ნაცვლად პრემიერ-მინისტრის მიერ არჩევისა. პაპუაშვილის თქმით, შერჩევის პროცედურას მნიშვნელობა არ აქვს და ეს არ ნიშნავს, რომ არჩეული პირი დამოუკიდებელი არ იქნებოდა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები

ევროკავშირის ცხრა პირობის შესრულებისას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი, რომელიც, მისი თქმით, ქართველი ხალხის სახელით იღებს კანონებს, რეკომენდაციებს იღებს როგორც „რჩევას“ და თავად წყვეტს გაითვალისწინოს თუ არა ეს რეკომენდაციები.

„მინდა, ხაზი გავუსვა ერთ საკითხს, როდესაც ვსაუბრობთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე. ვენეციის კომისიის დასკვნა ეს გახლავთ რეკომენდაცია. ვენეციის კომისია არ არის მეორე პალატა და არ არის საქართველოს საკანონმდებლო ორგანო… ჩვენ ან ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ან თუ არ ვითვალისწინებთ, ვხსნით, რატომ. ეს არ გახლავთ დირექტივა და არ გახლავთ დოგმა, ვენეციის კომისიის დასკვნა ეს არის ყოველთვის მსჯელობის საკითხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტის ვიზიტი მიუნხენში

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაგეგმილ დასწრებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „სალომე ზურაბიშვილი ამ ქვეყნის შვილად თავს არ მიიჩნევს, მას ეს კონსტიტუცია არ მიუღია. გული არ შესტკივა თითოეული იმ სიტყვისთვის, რომელიც ამ კონსტიტუციაში წერია“.

„მისთვის ეს [კონსტიტუცია] არის ჩვეულებრივი ფურცლები, რომელიც მის თაროზე, სადღაც წიგნის სახით დევს. ამიტომაც აცხადებს თავისუფლად, რომ მისთვის კონსტიტუცია არაფერი არ არის… ერთადერთი მიზეზი, რატომაც ის ინარჩუნებს ამ პოზიციას, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. სამწუხაროა, რომ მას უცხოეთშიც ჰყავს თავისი მფარველები და მმართველები, ამიტომაც ახერხებს ის სხვადასხვა ადგილას წასვლას, თუმცა ის აღარ წარმოადგენს საქართველოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარეს.  

არასამთავრობოების მონაწილეობა სამუშაო შეხვედრაში

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პარლამენტის თავმჯდომარეს შეახსენა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში „უაღრესად მნიშვნელოვანი“ უწოდა. კითხვაზე, არის თუ არა ეს ინკლუზიურობა მხარდაჭერილი, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა, თუმცა იმ ორგანიზაციების გარეშე, რომლებმაც „ბოიკოტი გამოუცხადეს ამ პლატფორმას“ და „აირჩიეს რადიკალიზაციისა და გამიჯვნის გზა“.

„ახლა ამ ენჯეოების დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნება, არის სრულად მათი დონორების პასუხისმგებლობა. მხოლოდ დონორებს შეუძლიათ, რომ რადიკალიზებული ენჯეოები, რომლებიც თანამდებობების გამო გაემიჯნნენ პლატფორმას და ცხრა პუნქტთან დაკავშირებით მსჯელობას, დააბრუნონ ამ ფორმატში, დემოკრატიულ კალაპოტში“, – აღნიშნა მან. „დონორის პასუხისმგებლობა არ მთავრდება იქ, როცა ისინი ფულს ჩაურიცხავენ ამ ენჯეოებს, ამას მოჰყვება მათივე პასუხისმგებლობა“.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დონორებს, გააკეთონ ყველაფერი, რათა მათი დაფინანსებით მოქმედმა ენჯეოებმა უარი თქვან რადიკალიზმზე, დაუბრუნდნენ დემოკრატიულ პროცესებს და იყვნენ მონაწილე საქართველოს ევროპული მომავლის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ლელოს ინდივიდუალური შეხვედრა

პაპუაშვილს ასევე ჰკითხეს ოპოზიციური პარტია „ლელოს“ გადაწყვეტილებაზე, ბოიკოტი გამოუცხადოს პარლამენტში სამუშაო შეხვედრებს და ინდივიდუალური შეხვედრა გამართოს ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, სადაც ცხრა პირობის განხორციელების თაობაზე საკუთარ სამოქმედო გეგმას წარადგენს. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ლელო“ ბოიკოტს უცხადებს დემოკრატიულ პროცესს პარლამენტში და რომ ევროპის წარმომადგენლებმა არ უნდა წაახალისონ მსგავსი „რადიკალიზმი“.

„სამწუხაროა, რომ „ლელო“ როცა ბოიკოტშია საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის რეზიდენციაში კარს უხსნიან და ხვდებიან…. რადიკალიზმს ვინც ახალისებს, მათი სალონურ წესში მიღება და მათთან საუბარი არ შეიძლება…გვახსოვს, როდესაც „გირჩმა“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და ლელომ“ მანდატები დატოვეს, მათ ხალიჩებს უშლიდნენ ზოგიერთ კაბინეტში, რაც ახალისებს რადიკალიზმს. დარწმუნებული ვარ, „ლელო“ ამ შეხვედრიდან გამოვა კიდევ უფრო რადიკალიზირებული, რადგან  ჩათვლის, რომ რადიკალიზმი არის მისაღები ფორმა ევროპისთვის და გააგრძელებს ასეთ საქციელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სააკაშვილი, კეზერაშვილი და ქართული ოცნების „უდავო გამარჯვება“

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა: „თავის დროზე, როცა ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ჩამოაცილა მიხეილ სააკაშვილის ტირანული რეჟიმი, ხალხში იყო მოთხოვნები, რომ ყოფილიყო პროცესი, რომელიც გაასამართლებდა იმ პერიოდის რეჟიმის შემოქმედებს. იცით, რომ მაშინ გარედან მოხდა ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში, რათა ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი დაეფარათ პასუხისმგებლობისაგან.“

„ვხედავთ, რა ენერგია იხარჯება მიხეილ სააკაშვილზე, ყალბი სტატიებით, ყალბი ექსპერტიზებით, უცხოელი პოლიტიკოსების ყალბი განცხადებებით და წარმოიდგინეთ, რა ვითარება იყო ათი წლის წინ, როცა უფრო დიდი ტალღა იყო მაშინ იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელ მფარველებს მათთვის დამსახურებული სასჯელი და სასამართლო აერიდებინათ… დღეს, ნაცვლად ამისა, პასუხად, ქართველ ხალხს უბრუნებენ კვლავ რადიკალიზაციას და იმავე რეჟიმის აღდგენის მუქარას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„რადიკალური ოპოზიციისა“ და „საგარეო ჩარევის“ თემაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციაზე ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და ბიზნესმენის, დავით კეზერაშვილის გავლენა ახსენა და განაცხადა, რომ იგი ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში იმალება და იქიდან აკონტროლებს სიტუაციას. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შესაბამის ქვეყნებს, კრიმინალები არ დაუშვან, მათ შორის ისეთი კრიმინალები, რომლებიც ევროპელი პენსიონერების თაღლითობით ითბობენ ხელს. ეს ადამიანი თავს აფარებს მათ ქვეყანას. ეს ადამიანები თავშესაფარს იმისთვის იყენებენ, რომ საქართველოში ვითარება არიონ“, – განაცხადა მან. 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ძალისხმევის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს 2024 წლის არჩევნების შემდეგ. „ქართველმა ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს ომსა და მშვიდობას შორის“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button