Placeholder canvas
ახალი ამბები

უკრაინა ღარიბაშვილს მიმართავს, მოხალისეებს გაფრენის ნება დართოს

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიჰალმა ტვიტერზე ქართველ კოლეგას, ირაკლი ღარიბაშვილს ქართულ, ინგლისურ, უკრაინულ და რუსულ ენებზე მოუწოდა, ქართველ მოხალისეებს უკრაინაში გაფრენის ნება დართოს.

„მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია [ირაკლი ღარიბაშვილი] გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!“ — დაწერა შმიჰალმა. 

„თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!“ — მიმართა შმიჰალმა საქართველოს მოსახლეობას.

თავად მოხალისეთა ცნობებით, რომლებიც დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებოდნენ უკრაინისკენ გაფრენას, უკრაინაში წასვლა 60-მდე ქართველს სურს. თუმცა, მათი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ კერძო ავიალაინერს ამ მიზნით საქართველოში ჩამოფრენის ნება არ დართო.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლის მოსურნეებთან ერთად მყოფმა ნონა მამულაშვილმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ქართული ოცნების ხელისუფლება გააკრიტიკა, როგორც „ჩვეულებრივი კრემლის წარმომადგენელი საქართველოში“.

„სამოქალაქო საქართველო“ (Civil.ge) ცდილობს ამბის დეტალები დააზუსტოს საქართველოს ხელისუფლებასთან. მასალას ოფიციალური კომენტარების მიღებისთანავე განვაახლებთ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button