skip to content
ახალი ამბები

პაველ ჰერჩინსკი ხელისუფლებას საკანონმდებლო პროცესში არასამთავრობოების მაქსიმალური ჩართვისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 15 თებერვალს მარნეულში ვიზიტის დროს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ახალგაზრდებს და სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობა საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში „უაღრესად მნიშვნელოვანია“ და რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა მათი მაქსიმალური ჩართვის უზრუნველყოფა. მან ასევე ისაუბრა მომავალ კვირას ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დაგეგმილ ვიზიტზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და ევროკავშირი შეთანხმდებიან, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა „ძალიან სწრაფად გადავიდეთ შემდეგ, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე“.

ჰერჩინსკის თქმით, ეს მოითხოვს „მთავრობის მხრიდან ინკლუზიურობას და ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციულ მიდგომას, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვან ჩართულობას იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს წინსვლის საკითხზე ეროვნული ერთობა იქნას მიღწეული“.

ამ კონტექსტში, ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმაში „გარკვეული შიდა განვითარებების გამო“, ზოგიერთმა „დიდმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ“ გადაწყვიტა დაეტოვებინა პლატფორმა და „ახლა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იპოვოს გზა, რომელშიც ჩაერთვება ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, პლატფორმა და ასევე ისინი, ვინც დატოვა პლატფორმა“.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ სადავო ცვლილებებს, რომლებიც არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ელჩმა აღნიშნა, რომ როდესაც საქმე სამართლებრივ გადაწყვეტილებებს ეხება, ვენეციის კომისია „ყველაზე მაღალ სტანდარტებს ადგენს“. მან იმედი გამოთქვა. რომ „ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები მაქსიმალურად განხორციელდება“, და დასძინა, რომ ეს საკითხი „აუცილებლად“ განიხილება მომავალ კვირას.

ელჩმა ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯზე მუშაობა წინასაარჩევნო კამპანიის პარალელურად გაგრძელდება. მან პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს ძალისხმევას, თუმცა აღნიშნა, რომ „სამუშაო თავად ქართველებმა უნდა შეასრულონ“.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები

პაველ ჰერჩინსკიმ ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან თავისი და ევროკავშირის ელჩების შეხვედრები დააანონსა. მისი თქმით, „ჩვენ ვაპირებთ ყველა მათგანს შევხვდეთ უახლოეს ორ თვეში, რათა ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ძალიან კარგად გავეცნოთ  საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიის იდეებს და საარჩევნო პროგრამებს“.

ევროკავშირის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ როგორც 2024 წლის არჩევნები, ისე წინასაარჩევნო კამპანია „უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“ წარიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button