ევროკავშირის ელჩი 2024 წლის არჩევნებზე, ცხრა ნაბიჯზე, რეფორმებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 26 იანვარს საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების შემდეგ, ელჩმა ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხზე გააკეთა კომენტარი, მათ შორის ევროკავშირის საერთო სატრანზიტო სისტემაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და საარჩევნო პროცესის მონიტორინგზე, 9 ნაბიჯზე, რომელიც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის უნდა გადადგას და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ინდექსის ბოლო გამოცემაზე.
ევროპის სატრანზიტო სისტემაში გაწევრიანების პერსპექტივები და სარგებელი
ელჩმა ჰერჩინსკიმ ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს საგადასახადო და საბაჟო შემოსავლების მიმართ და განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, განსაკუთრებით ახლა, როცა მას უკვე მიენიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი. „დროის საკითხია, როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი, ხოლო საქართველოს საზღვრები ევროკავშირის საგარეო საზღვრები გახდება“, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ ევროკავშირი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საქართველოს საზღვრები კარგად იქნება დაცული. არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, მისი თქმით, ევროკავშირი ძალიან ყურადღებით დააკვირდება არჩევნებს. მან ასევე აღნიშნა საქართველოს მთავრობის თხოვნა ეუთო/ოდირის მიმართ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის თაობაზე, რასაც, ელჩის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც უჭერენ მხარს. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამჟამად მსჯელობენ, მიიღებს თუ არა და რა ფორმით მიიღებს ევროკავშირი მონაწილეობას არჩევნებზე დაკვირვებაში. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი „ძალიან ყურადღებით დააკვირდება არა მხოლოდ თავად არჩევნებს, არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას“. მისი თქმით, იგი იმედოვნებს, რომ იქნება თანაბარი პირობები და „ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საკმარისი სივრცე იმისათვის, რომ საკუთარი პროგრამები წარმოადგინოს, და პირველ რიგში, არ იქნება ძალადობა, რადგანაც საარჩევნო ძალადობა სრულიად მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში“.
ცხრა ნაბიჯი და პროგრესი მათ განხორციელებაში
ელჩმა ჰერჩინსკიმ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დღე გაიხსენა და ქვეყნის წინსვლის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. „ფაქტობრივად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის დასასრული, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ მძიმე შრომისა, რომელიც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უნდა შეასრულოს“, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ ევროკავშირი იმედოვნებს, რომ მუშაობა იქნება დაჩქარებული, ინკლუზიური და კონსტრუქციული. პაველ ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადავა, რომელიც „ცხრა ნაბიჯზე მიღწეულ პროგრესს დაეფუძნება“.
კითხვაზე, ხედავს თუ არა იგი ხელისუფლების მხრიდან რაიმე პროგრესს ამ კუთხით, ელჩმა ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ვინაიდან ცხრა ნაბიჯის შეთანხმებიდან „მხოლოდ რამდენიმე კვირა“ გავიდა, „პროგრესზე საუბარი ძალიან ადრეა“. თუმცა, მან იმედი გამოთქვა, რომ „პროგრესი იქნება მიღწეული და ეს პროგრესი ძალიან სწრაფად იქნება მიღწეული“.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი, საჭირო რეფორმები
როდესაც ელჩს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის უახლეს გამოცემასა და საქართველოს შეფასებაზე, მან აღნიშნა: „მე შემიძლია მხოლოდ მოვუწოდო ყველა ხელისუფლებას, დააჩქაროს მუშაობა“. შემდეგ მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ საჭირო რეფორმების მნიშვნელობას, რომლებიც ქვეყანამ უნდა განახორციელოს, რაც, მისი თქმით, საქართველოზეა დამოკიდებული. „ეს რეფორმები არ დასახულა ბრიუსელის ან ვინმეს მოსაწონად. ეს რეფორმები იმისთვის განისაზღვრა, რომ საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა“, – განაცხადა ელჩმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა რეფორმა უნდა განხორციელდეს, „წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუმზადებლობის შემთხვევაში, ეს ხელს შეუშლის ევროკავშირის ფუნქციონირებას და ევროკავშირში გაწევრიანების ყველა სარგებელი არ იქნება რეალიზებული. ასე რომ, ყველა ეს რეფორმა გადაჭრით აუცილებელია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მზად არის კოორდინირება გაუწიოს სამუშაოს აუცილებელ რეფორმებზე ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტის გამოყენებით. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია იწყება, ქვეყანა პარალელურად გააგრძელებს რეფორმებზე მუშაობას, რათა „რაც შეიძლება მალე გადავიდეთ ევროინტეგრაციის პროცესის შემდეგ ეტაპზე და დავიწყოთ გაწევრიანების მოლაპარაკებები“. „ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველო ძლიერი, სტაბილური ქვეყანა, ძალიან ძლიერი, კარგად მოქმედი, პროფესიონალური ინსტიტუტებით და გვინდა საქართველო ევროკავშირის წევრად რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ. ამიტომ, დიახ, მუშაობა უნდა დაჩქარდეს“, – დასძინა ევროკავშირის ელჩმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 26/12/2023 – ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებელი ღონისძიებები
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)