skip to content
ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების „ადამიანური ცდუნებებისგან დაცვის“ მიზნით პოლიტიკაში ბრუნდება

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 30 დეკემბერს მმართველი პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი პოლიტიკაში ბრუნდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სტატუსით.  

თავისი გამოსვლის დასაწყისში, მან განაცხადა, რომ პოლიტიკური საქმიანობა „არ არის ჩემს ხასიათში“. მან პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 2012 წელს საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება გაიხსენა და აღნიშნა, რომ 2013 წელს მან სიტყვა შეასრულა და მიიღო „მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება და და დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. „პოლიტიკაში თანამდებობისთვის არ მოვსულვარ. პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილება მივიღე რწმენით, რომ სწორედ ჩემი ეს ნაბიჯი წაადგებოდა მაშინ ყველაზე მეტად ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. პოლიტიკიდან კი ერთ წელიწადში იმ რწმენით გავედი, რომ მისია სრულად მქონდა შესრულებული და დამნაშავეებს ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია აღარასდროს გაუჩნდებოდათ. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, დანაშაულებრივ პოლიტიკურ სისტემას იმაზე ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ პირველად 2018 წელს მოუწია მას პოლიტიკაში შემობრუნება. მან ევროკავშირის მაშინდელი ელჩის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც უთხრა ივანიშვილს, რომ „რომ არ დაბრუნებულიყავი, ერთი თვე და მმართველი პარტიიდან არაფერი დარჩებოდაო“. ივანიშვილის თქმით, მან თავისი მისია შეასრულა, „გუნდი თავიდან დავალაგეთ, სისტემა ავაწყვეთ და მხოლოდ ამის შემდეგ, მეორედ გავედი პოლიტიკიდან“.

ივანიშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას „ღალატი“ გაიხსენა და აღნიშნა, რომ „მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა“.

მას შემდეგ, მისი თქმით, მას პარტიის 2-3 ლიდერთან ჰქონდა კომუნიკაცია, რაც „გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს“. მან ასევე განაცხადა, რომ პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისთვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ახლაც ხდება.

„დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა. შესაბამისად, გართულდა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში, მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც მმართველი პარტია წარმოადგენს, ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს“, – განაცხადა ივანიშვილმა. „საქართველოს ეროვნული მიზნები არსებითად შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მივიჩნიოთ, როცა ეროვნულ თვითმყოფადობას ბოლომდე დავიცავთ, სახელმწიფოს სუვერენიტეტს სრულად აღვადგენთ, ქვეყანას გავაერთიანებთ და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს შევასრულებთ – საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება“.

ივანიშვილის თქმით, „სამწუხაროდ“ სრულად განადგურდა ოპოზიცია – პოლიტიკის ის სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში მმართველი გუნდის კონტროლზეა პასუხისმგებელი. დანაშაულებრივი წარსულით დამძიმებული ოპოზიცია ხელისუფლების ჯანსაღი და ქმედითი კონტროლით არც მანამდე გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა მას კონტროლის მინიმალური რესურსიც კი აღარ დარჩა. ნაცვლად ოპოზიციური პარტიების ეფექტიანი კონტროლისა, ხელში შეგვრჩა სიცრუის ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება მათი მედიასაშუალებებიდან და უკვე იმდენად გაცვდა, რომ მმართველ გუნდს მცირე დისკომფორტსაც კი ვეღარ უქმნის“, – აღნიშნა მან.

ამ პირობებში, განაგრძო მან, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. „ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ამ ყველაფერმა მიაღებინა მისთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, „შემოვბრუნდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა“. მან ხაზი გაუსვა, რომ მისი დაბრუნების მიზეზი არჩევნებს არ უკავშირდება, რადგან „ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა“.

ივანიშვილმა განმარტა, რომ მისი დაბრუნების მთავარი მიზანი „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა. მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია“.

მან ხაზი გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, იგი იქნება გუნდის მთავარი მრჩეველი. „ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის [ირაკლი კობახიძის] უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას“. ივანიშვილის თქმით, პარტიას სჭირდება მისი „პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება და შესაბამისი რჩევები“, რათა „ჩვენი ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანოთ“.

„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, სრულად აღვადგინოთ სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ“, – დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button