skip to content
ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ პარტიის დატოვება გრძელდება

ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ ოპოზიციური პარტიის დატოვება გრძელდება. 10 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციების წევრებმა განაცხადეს, რომ პარტია უკვე დატოვა თბილისის 15 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და 300-მდე წევრმა.

წასულებს შორისაა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ანა გოგოლაძე და პარტიის ყოფილი მდივანი, ბაჩო დოლიძე. გოგოლაძის თქმით, მან პარტიის დატოვების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ „ამ ეტაპზე, ჩემი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხედვები, ბრძოლის მეთოდები და პარტიის მართვის გზები ერთმანეთს ასცდა“. ბაჩო დოლიძემ განაცხადა: „ყველანი ვხედავთ რა შედეგიც დადგა არაფორმალური მმართველობის პირობებში ნაციონალური მოძრაობის პარტიაში… ვტოვებ ნაციონალურ მოძრაობას, რადგან ახალი მოძრაობის დროა. შეიქმნება ახალი პლატფორმა, საიდანაც ახალი, განსხვავებული და სუფთა პოლიტიკის კეთება იქნება შესაძლებელი“.

საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დავით ლაგვილავამ წასვლის მიზეზად ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პრობლემები დაასახელა, მათ შორის კლანურობა, დახურული კარები, არაფორმალური მმართველობა და განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრებების მქონე პირების სავარაუდო დევნა. მისი თქმით, მათ მიაჩნიათ, რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ არის ეფექტური იარაღი „რუსული რეჟიმის“ დასამარცხებლად.

ლაგვილავამ ასევე აღნიშნა, რომ აპირებს ნიკა მელიას მიერ მალე დაფუძნებულ ახალ პარტიას შეუერთდეს.

პარალელურად, ქუთაისში, საკრებულოს შვიდმა დეპუტატმა და ასობით პარტიის წევრმა განაცხადა, რომ ტოვებენ პარტიას. დეპუტატები ტოვებენ პარტიას, მაგრამ არა საკრებულოს მანდატს. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ ნიკა მელიასთან ერთად გააგრძელებენ პოლიტიკურ ბრძოლას და ამის მიზეზი პარტიის ახალი ხელმძღვანელობაა, რადგან, მათი თქმით, მოქმედმა ლიდერმა პარტიაში კრიზისი გაამწვავა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button