skip to content
ახალი ამბები

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანისთვის საიმედო სატრანზიტო მარშრუტი საქართველოზე გადის

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 დეკემბერს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობას „ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე ბევრად უფრო ფართო პარტნიორობა“ უწოდა და ევროპისთვის მის მნიშვნელობასა და სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ინტეგრაციის პერსპექტივაზე ისაუბრა ფორუმზე სახელწოდებით „ყარაბაღი: სახლში დაბრუნება 30 წლის შემდეგ. მიღწევები და გამოწვევები“. ფორუმის ორგანიზატორი იყო ADA-ს უნივერსიტეტი და აზერბაიჯანის საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკური ცენტრი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მონაწილეთა კითხვებზე პასუხის გაცემისას საქართველო არაერთხელ ახსენა.

საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობამ „საშუალება მოგვცა ევროპაში სტრატეგიული მნიშვნელობის კონსოლიდირებულ გუნდად წარმოგვეჩინა თავი“, – განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რა გავლენას მოახდენს საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებზე და ევროკავშირის გაზრდილი ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში.

საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე საუბრისას, პრეზიდენტმა ალიევმა ქვეყანას სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის რეკომენდაცია მიულოცა და მას წარმატებები უსურვა, თუმცა იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის პროცესი, რომელსაც, „ვიცით, რომ ზოგიერთი ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში ელოდა“ და ამ ქვეყნებს შორის თურქეთი და ბალკანეთის ქვეყნები დაასახელა.

„დარწმუნებული ვარ, როცა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ჩვენს ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება. პირიქით, ჩვენ კიდევ ერთი ახლო მეგობარი გვეყოლება ევროკავშირში, რომელიც დაგვიცავს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ალიევმა და იმედი გამოთქვა, რომ „ევროპარლამენტის ქართველი წევრები ევროპარლამენტარებს აზერბაიჯანის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და ისინი [ევროპარლამენტარები] უფრო რეალისტურები გახდებიან“.

პრეზიდენტ ალიევს ასევე ჰკითხეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბენილუქსის მსგავსი ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ, რასაც მან „აბსოლუტურად რეალისტური“ უწოდა. აღნიშნა რა, რომ „შესაძლოა, ნაადრევია ინტეგრაციაზე საუბარი“, მან თქვა, რომ რეგიონის ქვეყნებმა კონსულტაციებით უნდა დაიწყონ. მისი თქმით, „პირველი კონსულტაციები საქართველოში ცოტა ხნის წინ გაიმართა, ერთი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში“, როდესაც სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შეხვედრის საშუალება მიეცათ.

პრეზიდენტმა ალიევმა ხაზი გაუსვა ბაქოსა და თბილისს შორის „ურთიერთდამოკიდებულებას, რაც კარგია“ და განაცხადა, რომ „ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა იციან, რომ დღეს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება აბსოლუტურად უსაფრთხო მხარესაა. რაც არ უნდა მოხდეს დიდ მოთამაშეებს შორის, არ აქვს მნიშვნელობა როგორი ამინდია, რადგან ეს არის მიწოდების საიმედო წყარო. ჩვენ ვიცით, რომ აზერბაიჯანისთვის საიმედო სატრანზიტო მარშრუტი საქართველოზე გადის“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button