skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა „თბილისის აბრეშუმის გზის“ მეოთხე ფორუმი გახსნა

26 ოქტომბერს თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა, რომლის თემაა „დღევანდელი დაკავშირებულობა, ხვალინდელი მდგრადობისთვის”. ღონისძიებას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, მსოფლიოს 63 ქვეყნის 2 000-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მათ შორის სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები.

პრემიერ-მინისტრის შესავალი სიტყვა

თავის შესავალ სიტყვაში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა ფორუმის დამსწრეებს და ხაზი გაუსვა „აბრეშუმის გზის“ ისტორიულ მნიშვნელობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კულტურული კავშირების გაღრმავებაში. მან ხაზი გაუსვა, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირების საქმეში.  

ღარიბაშვილმა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებული რჩება. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად „იმ მძიმე შედეგებისა, რომელიც განვიცადეთ, ჩვენ არ შევაფერხეთ ჩვენი ამბიციების განხორციელება. ეტაპობრივად ვაქცევთ საქართველოს დინამიკურ საზოგადოებად, რომელიც სრულიად არის მოწადინებული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისათვის“.

ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რთული გეოპოლიტიკური გარემოსა და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, ხელისუფლება მშვიდობის შენარჩუნების ერთგულია. „გონივრული პოლიტიკისა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით შევძელით, შეგვენარჩუნებინა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოება. თან დავრჩით საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიან წევრად:, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, „ჩემი მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის” მეშვეობით მზად ვართ, ამ პროცესში ჩავრთოთ ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნები – სომხეთი და აზერბაიჯანი – რათა საბოლოოდ დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში“.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ „ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, დაკავშირებადობის უნარის გაძლიერებასა და ქმედითი სავაჭრო მარშრუტების განვითარებაში. შუა დერეფანი საქართველოს გავლით სწრაფად ყალიბდება, როგორც ტრადიციული მარშრუტების სტაბილური და უსაფრთხო ალტერნატივა. ჩვენ უკვე წარმოვჩნდებით აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთ-ერთ უმოკლეს და საიმედო სატრანსპორტო ვარიანტად”.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც გაფორმებულია ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნებთან, ჩინეთთან, თურქეთთან და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან „კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს, როგორც რეგიონული ცენტრის, როლს“ და დასძინა, რომ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გასაფორმებლად ამჟამად ისრაელის სახელმწიფოსა და სამხრეთ კორეასთან მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრმა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დონის ამაღლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს „ჩვენს როლს აძლიერებს და წარმოგვაჩენს კონტინენტებს შორის არსებითი დამაკავშირებლის ამპლუაში“.

მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად რთული რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების და COVID-19 პანდემიისა, „ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა ჩვენი ხალხის, ქვეყნის უსაფრთხოება და მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდასაც მივაღწიეთ“.

„საქართველოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, გამართული სტრუქტურული რეფორმები და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სწრაფვა განაპირობებს ჩვენს ძლიერ, განგრძობით ეკონომიკურ წარმატებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, „რეგიონული ჰაბის პოზიციის გასაძლიერებლად ჩემი მთავრობა დიდ ინვესტიციას ახორციელებს ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებში“, რომელთა შორის მან საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დაასახელა.

ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ევროკავშირის წევრობის მიმართ და აღნიშნა, რომ „ევროპულ ერთა ოჯახში გაწევრიანება ყოველთვის იყო ქართველების ცივილიზაციური გადაწყვეტილება“. „საქართველოს ღირსეული ადგილი უკავია ევროპაში – საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“, – დასძინა ღარიბაშვილმა.  

პირისპირ შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. პრემიერ-მინისტრებმა რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს და ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, ალი ასადოვს შეხვდა. „მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ძლიერ, სტრატეგიულ პარტნიორობასა და მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო მზად არის გააღრმაოს რეგიონული თანამშრომლობა, საერთო ინტერესების შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ღარიბაშვილმა თავის კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მტკიცე, ურყევი მხარდაჭერისთვის და დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა სამმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც ისაუბრეს „სამხრეთ კავკასიის მომავალზე, იმ მასშტაბურ რეგიონულ პროექტებზე, რომელთა განხორციელება ყველა ჩვენგანის საერთო ინტერესებშია“. ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა „გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად – ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ“.

ფორუმის ფარგლებში ხელმოწერილი დოკუმენტები

26 ოქტომბერს, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და კატარის სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრმა ჯასიმ ბინ საიფ აჰმედ ალ სულაიტმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ ურთიეთთანამშრომლობის მემორანდუმს.  

27 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა და ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ სეტჟან აბლალიევმა ხელი მოეწერა დამატებებს 2022 წლის 25 ნოემრის შეთანხმებაში, რომელიც 2022–2027 წლებში შუა დერეფნის განვითარების საგზაო რუკას შეეხება. აღნიშნული დოკუმენტით განისაზღვრა ახალი ღონისძიებები ინფრასტრუქტურის განვითარების და ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით.

ფორუმის დასასრულს, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს თბილისში ჰეიდარ ალიევის სახელობის სახელმწიფო პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების თაობაზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button