ახალი ამბები

აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 8 ოქტომბერს საქართველოს ესტუმრა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კვლავ არ აცნობეს თავისი აზერბაიჯანელი კოლეგის ვიზიტის შესახებ. კითხვაზე აცნობეს თუ არა საქართველოს პრეზიდენტს ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უპასუხა: „პრეზიდენტი ჩამობრძანდა საქართველოში, მან სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეს არის დღეს მოცემულობა“.

პირისპირ შეხვედრა

შეხვედრის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნებს შორის ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის საკითხებში არსებული თანამშრომლობა. 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. მხარეებმა მიმოიხილეს შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით აზერბაიჯანსა და საქართველოს დაწყებული აქვთ მასშტაბური სამუშაოები, საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც დასრულდება 2024 წლის ბოლოს და რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება.

ამავე ინფორმაციით, მალე დაიწყება მასშტაბური  ანაკლიის პორტის მშენებლობა, მისი გამტარუნარიანობა იქნება 100 მილიონი ტონა. ამასთან ერთად, მალე დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. ყველა პროექტში საქართველო  აზერბაიჯანთან აქტიურად  თანამშრომლობს. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ისტორიული, სტრატეგიული მნიშვნელობის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს, რომელიც „ასევე წარმატებით მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში დასრულდება“.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა ასევე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ღარიბაშვილმა ალიევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.  

მან იმედი გამოთქვა, რომ  სომხეთის რესპუბლიკასთან მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც „სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს და კეთილდღეობას მოუტანს რეგიონის სამივე ქვეყანას“. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის“.

ერთობლივი განცხადებები

ერთობლივი პრეს-კონფერენციის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, გამორჩეული მეგობარი სახელმწიფო, რომელთანაც გვაკავშირებს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ძმობა და მეგობრობა“.

ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „სომხეთთან ძალიან მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება“, რომელიც, მისი თქმით, „სამხრეთ კავკასიაში შეუწყობს ხელს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, რომელიც მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი ხალხისთვის“. მისი თქმით, თბილისი მზადაა, „ ჩვენი როლი, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის თუ იქნება ეს ფასილიტაციის, თუ, ზოგადად, მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში“. „ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ, უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“, – აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ჰეიდარ ალიევის „მნიშვნელოვან როლს“ ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ორ ქვეყანას შორის ძლიერ მეგობრობას გაუსვა ხაზი და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ამ ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მან რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება და მშვიდობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ორივე ქვეყნის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და აღნიშნეს, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევა ამ კუთხით დაუშვებელია.

პრეზიდენტმა ალიევმა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხიც განიხილა და სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე აქტიური მუშაობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მან იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთ კავკასიაში ისეთი პოლიტიკური გარემო იქნება, რომელიც საშუალებას მისცემს სამმხრივ თანამშრომლობას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით ენერგეტიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების და სხვა სფეროებში.

პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა: „მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერს, რომ მზად არის დახმარება აღმოგვიჩინოს ამ საკითხთან მიმართებით და გვთავაზობს მის როლს, როგორც ფასილიტატორის როლს. ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად არის და ჩვენ იგივეს ველით სომხეთისგანაც, თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ, შესაბამისი უწყებების საშუალებით, ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში“.

მან ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში წარმატებულ ერთობლივ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოხდეს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button