ახალი ამბები

მსოფლიო ბანკის ანგარიში: შუა დერეფანს  2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია

მსოფლიო ბანკმა 27 ნოემბერს ახალი ანგარიში გამოაქვეყნა სახელწოდებით „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი – დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“, რომელიც ფოკუსირებულია ყაზახეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე და იმ პრიორიტეტულ ღონისძიებებს განსაზღვრავს, რომლებსაც მულტიმოდალური სარკინიგზო და საზღვაო დერეფნის სიცოცხლისუნარიან და სანდო სავაჭრო გზად გარდაქმნა შეუძლია.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ სწორი ინვესტიციებით და დარგობრივი პოლიტიკით შუა დერეფანს, რომელიც ჩინურ და ევროპულ ბაზრებს ცენტრალური აზიისა და კავკასიის მეშვეობით აკავშირებს, 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია.

„ჩვენი ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ შუა დერეფანი არა მარტო სიცოცხლისუნარიანია, არამედ შესაძლებელია არსებითი მნიშვნელობის მატარებელიც კი გახდეს მის გასწვრივ მდებარე ქვეყნების ეკონომიკისთვის“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანტონელა ბასანიმ. მისივე თქმით: „აზერბაიჯანმა, საქართველომ და ყაზახეთმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს საკუთარი ხედვების შეთანხმებაში და დერეფნის წინსვლაში. მსოფლიო ბანკი სხვა მრავალმხრივ ორგანიზაციებთან და ქვეყნების მთავრობებთან ერთად მზადაა შუა დერეფნის მხარდასაჭერად.“

ანგარიშის თანახმად, გაზრდილი ვაჭრობა აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და ევროპას შორის მოთხოვნის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია, რაც „გულისხმობს რეგიონის შიდა ვაჭრობის 37%-იან ზრდას და აღნიშნულ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის 28%-იან მატებას“.

ანგარიში განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკას და ინვესტიციებს, რომლებიც საჭიროა ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ტრანსპორტზე არსებულ მოთხოვნაზე რეაგირებისთვის და ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად:

  • დერეფანში ლოგისტიკური გადაწყვეტების უზრუნველყოფას ოპერაციების შეუფერხებელი წარმოებისთვის;
  • პროცესებისა და პროცედურების რეფორმირებას და გამარტივებას, განსაკუთრებით საზღვრის კვეთისას  მულტიმოდალური დერეფნების ტრაფიკის, მონაცემებისა და მახასიათებლების შეუფერხებელი გაცვლის უზრუნველსაყოფად;
  • დიგიტალიზაციის კოორდინაციას საზღვარზე და საოპერაციო ინტერფეისებში მიკვლევის ასამაღლებლად და შეფერხებების შესამცირებლად. ერთიან, თავსებად სისტემას შეუძლია დერეფანში პროცესებისა და ღონისძიებების ციფრული გარდაქმნის ხელშეწყობა;
  • ეფექტიანობის ამაღლებას კასპიისა და შავი ზღვის გადაკვეთისას საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, პრობლემების აღმოფხვრასა და პორტის პროდუქტიულობის ზრდაზე ფოკუსირებასთან ერთად;
  • ინვესტიციების პრიორიტეტულობის განსაზღვრის ერთიან სისტემაზე შეთანხმებას. ანგარიში განსაზღვრავს საინვესტიციო შესაძლებლობების მნიშვნელოვან რაოდენობას, რომლებიც შემდგომ შეფასებას და პრიორიტეტულობის განსაზღვრას საჭიროებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button