ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-დან 9%-მდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 31 იანვარს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში ინფლაცია კვლავ დაბალ მაჩვენებელზეა. დეკემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.9% შეადგინა. ბანკმა განაცხადა, რომ დაბალი ინფლაცია შიდა და საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია. „ერთი მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო, ადგილობრივად წარმოებული საქონლის ინფლაცია კლებადია. პარალელურად, ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა“, – აცხადებს ბანკი.

მოსალოდნელზე დაბალი ინფლაციის ფონზე, რასაც ასევე ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება დაემატა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი, წინასთან შედარებით, შეამცირა. „სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წლის დასაწყისში მიზნობრივ 3%-იან დონეზე დაბალი დარჩება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, მის ირგვლივ დასტაბილურდება“, – ნათქვამია ბანკის პრეს-რელიზში.

პოზიტიურ ტენდენციებთან ერთად, ბანკის თქმით, ასევე საყურადღებოა ინფლაციური რისკებიც. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის. ამასთან, საგარეო რისკებთან ერთად, ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც საყურადღებოა. „ეკონომიკური აქტივობა გასულ წელს ძლიერი იყო და წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ეკონომიკური ზრდა 7.0 პროცენტია. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, პრე-პანდემიური ტრენდიდან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო ნორმალიზდება, რაც, მიმდინარე შეფასებით, 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას მოიაზრებს“, – აცხადებს ბანკი.

ზემოთაღნიშნილი ფაქტორებისა და რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას აგრძელებს და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით 9%-მდე ამცირებს. ბანკის თქმით, გასული წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს „სუვერენული რისკის პრემია შეამცირა, რამაც, სხვა თანაბარ პირობებში, მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალურ განაკვეთზეც კლების მიმართულებით უნდა იმოქმედოს“.

თუმცა, ბანკი აღნიშნავს, რომ პოლიტიკა კვლავ მკაცრია და, ზემოთ აღწერილი რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზების მიმართ ფრთხილ მიდგომას შეინარჩუნებს. „თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო“, – აცხადებს ბანკი.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 13 მარტს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button