ახალი ამბები

მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის მომზადებული სისტემატური დიაგნოსტიკური კვლევის (SCD) ანგარიში გამოაქვეყნა

მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის მომზადებული სისტემატური დიაგნოსტიკური კვლევის (SCD) ანგარიში გამოაქვეყნა

ანგარიში სახელწოდებით „საქართველო: რეფორმების იმპულსის შესანარჩუნებლად“ წარმოგვიდგენს ყოვლისმომცველ ანალიზს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც საჭიროა სიღარიბის დაძლევისა და საერთო კეთილდღეობის ამაღლების მიმართულებით პროგრესის დასაჩქარებლად.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ გამორჩეული მედეგობა აჩვენა შოკების მიმართ 2021 –2022 წლებში და ეკონომიკის აღდგენის პროცესიც მტკიცედ წარიმართა, თუმცა რისკები და გაურკვევლობა კვლავ ძალზე მაღალია. დოკუმენტის თანახმად, „შოკების მიუხედავად ეკონომიკურმა ზრდამ სტაბილურობა შეინარჩუნა, რაც ფიზიკური კაპიტალის დაგროვებით იყო განპირობებული“.

თუმცა, „ეკონომიკურ ზრდაში შრომითი რესურსების წვლილის კლების შესაბამისად, სიღარიბის შემცირების მაჩვენებელი ბოლო წლებში შენელდა, რადგან შემცირდა ხელფასიდან მიღებული შემოსავალი“. ანგარიში აღნიშნავს, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებდა ხარისხიანი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, მაგრამ შრომითი რესურსების ჩართულობა შემცირდა.

მართალია, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სოციალურ სერვისებთან წვდომის კუთხით, მაგრამ „ადამიანური კაპიტალის ფორმირებას ძირს უთხრის ხარისხის მიმართულებით არსებული პრობლემები, განსაკუთრებით განათლების სფეროში“. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ „საქართველომ განიცადა ბუნებრივი კაპიტალის დეგრადაცია, რაც ნაწილობრივ გამოწვეული იყო მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის სიმწირით და არაეფექტიანი მიწათსარგებლობით“.

ანგარიშში საქართველოსთვის მკაფიო პოლიტიკის ამოცანებია განსაზღვრული: განათლების ხარისხის გაუმჯობესება, მიწის გამოყენების გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტირება, შოკების მიმართ მედეგობის ამაღლება. სხვა პრიორიტეტული ამოცანებია: შრომითი რესურსების მონაწილეობის გაზრდა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, დიგიტალიზაცია, ინოვაციები, ინვესტირება ენერგოეფექტურობაში, განახლებადი ენერგიის განვითარება და კანონებისა და რეგულაციების აღსრულებისა და პროგნოზირებადობის უზრუნველყოფა.

ანგარიშში ასევე განსაზღვრულია ოთხი მაღალი დონის შედეგი (HLO):

  • ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა პროდუქტიულობის გაზრდის გზით;
  • გაუმჯობესებული და უფრო მიუკერძოებელი ადამიანური კაპიტალი;
  • გაძლიერებული მზადყოფნა კლიმატის ცვლილებისა და „მწვანე“ გარდაქმნისთვის; და
  • შოკების მიმართ მედეგობის ამაღლება.

„საქართველოს მყარი საფუძვლები აქვს, მაგრამ სჭირდება რეფორმების გაძლიერება ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ისეთი გლობალური ტენდენციების ფონზე, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება თუ დიგიტალიზაცია და ასევე ავტომატიზაცია“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა.

კვლევა მომზადდა საქართველოს მთავრობის, ისევე როგორც კერძო სექტორის, განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე.

წინა კვლევა სახელწოდებით „საქართველო: რეფორმატორიდან შემსრულებლამდე“ 2018 წელს გამოქვეყნდა და მან საფუძველი მოამზადა საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან და ინკლუზიურობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესასწავლად. 2023 წლის სისტემატური დიაგნოსტიკური კვლევის განახლება ამ საფუძველს ემყარება და ყურადღებას ამახვილებს ცვალებად მეგატენდენციებზე, რომლებიც  მდგრადობაზე მეტ ფოკუსირებას მოითხოვს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button