ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 10%-დან 9.5%-მდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 20 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.5%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში ინფლაცია დამატებით, მოსალოდნელზე მეტად, შემცირდა და მიმდინარე წლის ნოემბერში 0.1% შეადგინა. ამასთან, საბაზო ინფლაცია ნოემბერში 1.8%-ს გაუტოლდა. ინფლაციის დაბალ მაჩვენებლებს როგორც ადგილობრივი, ასევე საგარეო ფაქტორები განაპირობებს. ბანკის თქმით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები კლებადია. „ამავდროულად ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციაც ეტაპობრივად მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდა და ნოემბერში 3.8% შეადგინა. ბანკმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული პროდუქტის ფასების სტაბილურობა კვლავ ხელს უწყობს იმპორტირებული პროდუქტების დაბალ ინფლაციას.

თუმცა, დადებით ტენდენციებთან ერთად, ბანკი ინფლაციურ რისკებზეც საუბრობს. „კერძოდ, ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის რისკებს შეიცავს. წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი მოთხოვნა კვლავ ძლიერია და იანვარ-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 6.9%-ია“, – განაცხადა ბანკმა.  

„საქართველოს ეროვნული ბანკი აკვირდება და აფასებს ეკონომიკის დინამიკას და ინფლაციური წნეხის ნიშნების შემთხვევაში, მზადაა შესაბამისი ზომების მისაღებად“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის პრეს-რელიზში.

ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ბანკი აცხადებს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, შემცირების მიუხედავად, ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და „ეროვნული ბანკი მის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს, ინფლაციის განახლებული პროგნოზების შესაბამისად“.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 31 იანვარს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button