ახალი ამბებიდაწვრილებით

ღარიბაშვილი დავოსში შუა დერეფანზე, ჩინეთთან ურთიერთობებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „ევრაზიის ახალი განთიადი?“ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, „შუა დერეფნის“ პროექტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ჩინეთთან საქართველოს განახლებულ ურთიერთობებსა და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

 ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები

2023 წელს საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა, რასაც ქვეყნის შიგნით კრიტიკა და სტრატეგიული პარტიორების მხრიდან დაძაბულობა მოყვა. მიუხედავად ამისა, პანელური დისკუსიის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრია განაცხადა: „ყველა ევროპული სახელმწიფო და მთლიანად ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ მოხდეს ჩინეთთან ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება. ამიტომ, ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ვიფიქროთ“.

პანელური დისკუსიის დროს, ღარიბაშვილმა „შუა დერეფნის“ განვითარებაში ჩინეთის ინტერესის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა: „ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში გასულ წელს. პრეზიდენტ სი ძინ პინს შევხვდი და გადავწყვიტეთ ჩვენი პარტნიორობა სტრატეგიულ დონეზე აგვეყვანა… პრეზიდენტმა გამოთქვა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ და მიმაჩნია, რომ ეს მეტ სტიმულს და მუხტს მისცემს ამ იდეის განვითარებას“.

ამასთან, პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პანელური დისკუსიის წინა დღეს გამართულ სადილზე, მონაწილე ეკონომისტებმა და ექსპერტებმა მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასეს და 2024 წელს მსოფლიო ეკონომიკის 3%-იანი ზრდა იწინასწარმეტყველეს. „რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის ეკონომიკის სწრაფ ზრდას, რომელსაც ასევე ექნება გადამდები ეფექტი სხვა დანარჩენი რეგიონების და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„შუა დერეფნის“ განვითარება

ღარიბაშვილმა რეგიონისთვის დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და „შუა დერეფნის“ პროექტის იდეისადმი საქართველოს ერთგულებას გაუსვა ხაზი.    

„ორი წლის წინ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საგზაო რუკას ჩვენს ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად. ჩვენ, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ძალიან ნათელი და მკაფიო გეგმა გვაქვს ამ დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით და ვიცით, რისი გაკეთებაა საჭირო – საპორტე ინფრასტრუქტურის გაფართოება, წარმადობის განვითარება, რკინიგზის მოდერნიზაცია, აეროპორტებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ.”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტები

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიაში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რომლის გამტარუნარიანობა საქართველოში გაორმაგდება და 48 მილიონ ტონას გადააჭარბებს.

„უახლეს ინფორმაციას გაგიზიარებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. წელს გვინდა ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება ანაკლიაში, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე. ასევე, მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაცია და წელს დასრულდება. მისი გამტარუნარიანობა საქართველოში გაორმაგდება და 48 მილიონ ტონას გადააჭარბებს. ახალი აეროპორტის მშენებლობასაც ვგეგმავთ, რადგან გვინდა ქვეყანა პოზიციონირებდეს როგორც ავიაციის რეგიონული ჰაბი. ამას საქართველოს ადგილმდებარეობაც უწყობს ხელს. სრული პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რომ ავიაციის რეგიონულ ჰაბადაც ვიქცეთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა საავტომობილო გზების მშენებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, წელს დასრულდება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც ორ წელიწადში დაგვირგვინდება.

სიტუაცია რეგიონში

საპანელო დისკუსიის დროს, ღარიბაშვილმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% 2008 წლიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, „უსაფრთხოების სფეროში ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა, რამაც საქართველოს კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა მოუტანა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ გვქონია მსგავსი მშვიდობიანი და სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში“.

რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულ კონფლიქტს, პრემიერ-მინისტრმა თავის „წარმატებულ მედიაციაზე“ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „სიტუაცია ძალიან კომპლექსურია. რეგიონში ბევრი მოთამაშეა და ყოველივე ზემოთ თქმულს მინდა ის დავამატო, რომ ორივე ქვეყნის ლიდერის პოზიცია ვიცი. სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც ორმხრივ ფორმატში უნდათ ურთიერთობა. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს სწორი გზაა, რადგან ყველა დაინტერესებული წრისა და მხარის, მედიატორის ჩართვით სიტუაცია უფრო წინააღმდეგობრივი და ნაკლებად პროდუქტიული ხდება ხოლმე. ამიტომ, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ მათ. დიდი იმედი მაქვს, რომ მონახავენ გამოსავალს და მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას”.

რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე „ისტორიული გადაწყვეტილების“ მიღებისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „ეს არის ჩვენი მთავრობის უდიდესი მიღწევა“ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ახლად დამყარებული მეგობრობა

პრემიერ-მინისტრს ფორუმში მონაწილეობისას თითქოს ახალი მეგობრობა ჩამოუყალიბდა. პანელური დისკუსიის დროს, ერთ-ერთმა თანამონაწილემ, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა არ დაიშურა კომპლიმენტები ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის მიღწევების მიმართ. ორივე ლიდერმა ერთმანეთი რამდენჯერმე „ძვირფას მეგობრად“ მოიხსენია“, ხოლო ღარიბაშვილმა თავისი გამოსვლა ვუჩიჩისთვის „დიდი გამარჯვების“ მილოცვით დაიწყო.

ვუჩიჩმა დადებითად ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ეკონომიკურ შედეგებზე. მან ირიბად გააკრიტიკა საქართველოს ყოფილი ხელისუფლება და აღნიშნა, რომ როდესაც საქართველო ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა „ევროპის გეოპოლიტიკურ ცაზე“, მისი ეკონომიკური ზრდის ტემპი 1,5%-ს არ აღემატებოდა. მისი თქმით, არავინ საუბრობს ღარიბაშვილის ხელისუფლების მიღწევებზე.

მან ისინიც გააკრიტიკა, ვინც ღარიბაშვილის მთავრობას ჩინეთთან დაახლოების გამო აკრიტიკებენ და განაცხადა, რომ ღარიბაშვილმა „საკუთარი ქვეყნის სასიკეთოდ უნდა იმუშავოს“, რასაც, ვუჩიჩის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინური ინვესტიციებისა და ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე წარმატებით ვერ განახორციელებს.

ალექსანდარ ვუჩიჩი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ევროპელი ლიდერიდან, რომელმაც 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო კავშირები შეინარჩუნა. როგორც ჩანს, ვუჩიჩი უნგრეთის ლიდერს ვიქტორ ორბანს შეუერთდა „ქართული ოცნების“ მთავრობის ქების საქმეში იმ ფონზე, როდესაც ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის პოპულარობა ევროპაში სულ უფრო იკლებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button