დეპუტატებმა დავით სერგეენკოსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირეს
საქართველოს პარლამენტმა 16 ნოემბერს პარლამენტის წევრის, დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 78 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო.
სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი 14 ივლისიდან დადგა დღის წესრიგში. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ 2023 წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ჩატარებული 32 სხდომიდან დავით სერგეენკო არ დაესწრო 25 სხდომას. თუმცა, 5 სექტემბერს მისი მანდატის შეწყვეტას მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
ქადაგიშვილის თქმით, საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ 27 ოქტომბერს დადგა, როდესაც სერგეენკომ მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
სერგეენკო ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი და ბიძინა ივანიშვილის კადრია. აღსანიშნავია, რომ დავით სერგეენკომ პირველ მოსმენით არ დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც მოგვიანებით, საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე მმართველმა პარტიამ უკან გაიწვია. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მარტში იძულებული გახდა, რომ კანონპროექტი ჩაეგდო, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ პარლამენტის დატოვებას გეგმავდა. „არ არის პოლიტიკოსობა ის, რაზეც მე ვოცნებობდი. მირჩევნია, რომ ექიმად ვიმუშაო. ცალსახად, მე-10 მოწვევა არის ბოლო მოწვევა, როცა მე პარლამენტში, საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში ვარ“, – განაცხადა მან.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)