skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა დუმბაძეს დეპუტატის მანდატი შეუწყვიტა, ხოლო სერგეენკოსათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

5 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 68 დეპუტატმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ქეთევან დუმბაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. იმავე სხდომაზე, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა დეპუტატ დავით სერგეენკოსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც შეუთავსებელია პარლამენტის წევრის თანამდებობასთან.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განცხადება მწერალთა სახლის დირექტორად დუმბაძის დანიშვნის შესახებ 10 აგვისტოს გაავრცელა. ოფიციალურად უფლებამოსილების შესრულებას ქეთევან დუმბაძე 4 სექტემბერს შეუდგა.  ქართველმა მწერლებმა, მთარგმნელებმა, გამომცემლებმა და ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ინდივიდუალურმა პირებმა დუმბაძის დანიშვნის წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ მან პარლამენტში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება დეპუტატ დავით სერგეენკოს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო. ქადაგიშვილის თქმით, 2023 წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ჩატარებული 32 სხდომიდან დავით სერგეენკო არ დაესწრო 25 სხდომას. თუმცა, მისი მანდატის შეწყვეტას მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

აღსანიშნავია, რომ ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პირველ მოსმენით არ დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც მოგვიანებით, საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე მმართველმა პარტიამ უკან გაიწვია. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მარტში იძულებული გახდა, რომ კანონპროექტი ჩაეგდო, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ პარლამენტის დატოვებას გეგმავდა. „არ არის პოლიტიკოსობა ის, რაზეც მე ვოცნებობდი. მირჩევნია, რომ ექიმად ვიმუშაო. ცალსახად, მე-10 მოწვევა არის ბოლო მოწვევა, როცა მე პარლამენტში, საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში ვარ“, – განაცხადა მან.

ასევე წაიკითხეთ:

24/03/2023 – „აგენტებზე“ კანონპროექტის უარმყოფელი დეპუტატები პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლები გახდნენ

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button