ახალი ამბები

პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ანგოლაში იმყოფება, სადაც 23-27 ოქტომბერს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის სესია იმართება, სესიის  მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ასამბლეის სხდომა ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში იმართება და მას 130 ქვეყნის 50-ზე მეტი სპიკერი ესწრება. დისკუსიების მთავარი თემაა საპარლამენტო ქმედებები მშვიდობის, სამართლიანობისა და ძლიერი ინსტიტუტების ხელშეწყობის მიზნით, მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის შესაბამისად.

ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პაპუაშვილი მშვიდობის, სამართლიანობისა და ინსტიტუტების სიძლიერის განვითარებაში პარლამენტების სასიცოცხლო როლს შეეხო. მან ასევე ხაზი გაუსვა სტაბილური ინსტიტუტების მნიშვნელობას და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს, ამ მხრივ საქართველოს მიღწევებს, შიდა რადიკალიზმსა და პოპულიზმს, გლობალურ კონფლიქტებსა და საქართველოს ოკუპაციას.

პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა „სტაბილური სახელმწიფო ინსტიტუტების“ მნიშვნელობაზე, რომლებიც „ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიის ქვაკუთხედი და ნებისმიერი წარმატებული საზოგადოების დასაყრდენია“. მან განაცხადა: „სწორედ ეფექტიანი ინსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებამ გახადა საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ეფექტიანი, ინოვაციური და ინკლუზიური საჯარო სერვისების, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებებით“.

მოსახლეობასა და ეროვნულ პარლამენტებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრისას, პაპუაშვილმა განაცხადა: „საქართველოს პარლამენტი დიდ ძალისხმევას წევს მოსახლეობასა და პარლამენტს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაძლიერებაში ღია, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის განვითარებით. მაგალითად, საქართველოს პარლამენტი გლობალურ დონეზე მოწინავე ქვეყნებს შორისაა ღია მმართველობის კუთხით“.

პარლამენტის თავმჯდომარე ამჟამინდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებასაც შეეხო: „მსოფლიოში მიმდინარე ძალადობრივი კონფლიქტები აბრკოლებს გლობალურ გზას მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ. სასტიკი ომი უკრაინაში და სისხლიანი კონფლიქტი ისრაელსა და ჰამასს შორის ნათელი დემონსტრირებაა იმისა, თუ რა დესტრუქციული ზემოქმედება აქვს ამ კონფლიქტებს მსოფლიო მშვიდობასა და დემოკრატიაზე“.

სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გაუსვა ხაზი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, რომელიც „უნდა დასრულდეს“. „საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების უპატივცემულობა პანდორას ყუთს ხსნის, რის გამოც მთელი მსოფლიო შეიძლება არნახულ ქაოსში გაეხვიოს. უმნიშვნელოვანესია თითოეული თქვენგანის ძლიერი ხმა საერთაშორისო სამართლის, და შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“, – მიმართა პაპუაშვილმა დამსწრე საზოგადოებას.

„მადლიერები ვართ, რომ ბევრი თქვენგანის სოლიდარობით, 2023 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციამ საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეკორდულად დიდი რაოდენობის მხარდამჭერი ხმა მიიღო. გთხოვთ, გააგრძელოთ ეს მხარდაჭერა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ანგოლაში ვიზიტის ფარგლებში, პაპუაშვილი უკვე შეხვდა განას, ჯიბუტის, ფიჯის, ზამბიის, ბურუნდის, შრი ლანკას, კაბო ვერდეს, ბაჰამის, მოზამბიკის და ტანზანიის საკანონმდებლო ორგანოების სპიკერებს. პაპუაშვილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის კოლეგებს მადლობა გადაუხადა.    

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button