ახალი ამბები

TI საქართველო: ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს საქმიანობას ფორმალური დატვირთვა აქვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 26 ოქტომბერს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობას აფასებს. ანგარიში 2022 წლის 17 ივნისიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და მასში ნათქვამია, რომ საბჭოს საქმიანობას ძირითადად ფორმალური დატვირთვა აქვს, „ის არ რეაგირებს პარლამენტის დახურულ უწყებად გადაქცევის საგანგაშო ტენდენციაზე და არ შეაქვს წვლილი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის გამჭვირვალობის გაუმჯობესებაში“.

ორგანიზაციის ძირითადი მიგნებებია:

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო არ უჭერს მხარს  სამოქმედო გეგმებში მნიშვნელოვანი ვალდებულებების შეტანას და უგულებელყოფს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ მნიშვნელოვან ინიციატივებს. მაგალითად, 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისას, საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი 21 ინიციატივიდან მხოლოდ 1  გაითვალისწინა.
  • საბჭო არ ახდენს რეაგირებას პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუარესებაზე, მათ შორის, როდესაც „დაუსაბუთებლად იზღუდება პარლამენტის შენობაში საშვების დაშვება და წლების განმავლობაში პარლამენტის შესასვლელთან აღმართული იყო რკინის ჯებირი“.
  • სამთავრობო დონეზე ღია მმართელობის პროცესი კრიზისულ მდგომარეობაშია, რაზეც საპარლამენტო საბჭოს ასევე არ აქვს რეაგირება.
  • ანგარიშის თანახმად, მე-10 მოწვევის პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს დახურულ და გაუმჭვირვალე უწყებად ქცევის პოლიტიკის განხორციელება აქტიურად დაიწყო. 2022 წელს პარლამენტმა მუდმივი საშვები გაუუქმა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც პარლამენტის მონიტორინგს ახორციელებენ, რაც მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა პარლამენტის საქმიანობაზე დაკვირვების პროცესში.

საანგარიშო პერიოდში, საბჭომ 4 სხდომა ჩაატარა, ხოლო ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით მუშაობდა 5 სამუშაო ჯგუფი. ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის 19 ვალდებულებიდან სრულად/არსებითად შესრულდა 10 ვალდებულება, შეზღუდულად შესრულდა 6, არ შესრულდა 3 ვალდებულება.

„აღსანიშნავია, რომ პარლამენტს არ აქვს შესრულებული ის ამბიციური ვალდებულებები, რომელიც რეალურ შედეგს მოიტანდა პარლამენტის ღიაობის გაუმჯობესების თვალსაზრისით“, – ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციის თქმით, 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა დაგვიანებით დამტკიცდა, შეიცავს მხოლოდ 3 ვალდებულებას, რომელიც ძირითადად სხვადასხვა საკითხის ანალიზსა და პრაქტიკის შესწავლას უკავშირდება და არ არის გათვლილი იმ რეალურ შედეგებზე, რომელიც საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობას და პარლამენტის გამჭვირვალობას გააუმჯობესებს.

გამჭვირვალობის პრობლემის მოსაგვარებლად, ანგარიში რიგ რეკომენდაციებს შეიცავს:

  • პარლამენტის ღია მმართველობის საბჭო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით უნდა დაინტერესდეს სამთავრობო მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე და გამართოს საჯარო მოსმენა;
  • პარლამენტის დახურულ უწყებად ჩამოყალიბების პროცესზე, საბჭო და მისი წევრები რეაგირებას უნდა ახდენდნენ, ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში ხშირია პარლამენტში შესვლისათვის ხელის შეშლა, ამას ემატება პარლამენტის თავმჯდომარის, ამავდროულად ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარის ბრძანება პარლამენტში შესვლის წესების გამკაცრების შესახებ, რაც გაურთულებს დაინტერესებულ პირებს საპარლამენტო ჩათულობის მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას;
  • საბჭოს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი უნდა იყოს აქტიური, მათ შორის იგულისხმება სამუშაო ჯგუფების თუ ინდივიდუალური აქტიურობა დეპუტატების მხრიდან;
  • რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინიციატივა, რომელიც ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელ ინფორმაციებს შეეხება, მნიშვნელოვანია რომ დროულად იქცეს კანონად;
  • საბჭოს საქმიანობა უნდა იყოს ორიენტირებული მეტად ამბიციურ აქტივობებზე და რეფორმებზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button