skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა 18 ოქტომბერს გაიმართება

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში 18 ოქტომბერს გაიმართება. ამის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ პლენალურ სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, იგი უკვე დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მიიღო სალომე ზურაბიშვილის დასტური სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით. პარლამენტის სხდომა 12 საათზე დაიწყება.  

დღევანდელ სხდომაზე პარლამენტმა ,,საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე“ დადგენილება მიიღო.

​დადგენილების თანახმად, პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე დასკვნის (№3/1/1797, 16.10.2023) საფუძველზე უნდა განიხილოს და აღნიშნულ საკითხს კენჭი უყაროს 2023 წლის საშემოდგომო სესიის 17−20 ოქტომბრის პლენარული სხდომების კვირაში.

12 სექტემბერს 80-მა დეპუტატმა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე საჩივარი შეიტანა. სამდღიან მოსმენებზე პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი წარმოადგენდნენ. მოსმენებში მონაწილეობა მიიღო „ქართული ოცნების“ ხუთმა დეპუტატმა, მათ შორის პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, ასევე ანრი ოხანაშვილმა, თენგიზ შარმანაშვილმა და გიორგი კახიანმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპაში ვიზიტების განხორციელებით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button