ახალი ამბები

მოსაზრების გამოქვეყნებაზე უარის გამო პაპუაშვილმა OC Media-ს დონორთან იჩივლა

ონლაინ მედია საშუალებამ OC Media 12 სექტემბერს განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედია საშუალებასთან დაკავშირებულ სულ ცოტა ერთ დონორ ორგანიზაციას საჩივრის წერილით მიმართა. ამგვარი ნაბიჯი მედიის მიერ პაპუაშვილის მოსაზრების გამოქვეყნებაზე უარმა გამოიწვია.

OC Media-ს ინფორმაციით, პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობასა და დონორს შორის თანამშრომლობა „ეყრდნობა საქართველოს მისწრაფებების საერთო აღქმას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“. „ის, რომ თქვენ აფინანსებთ ორგანიზაციას, რომელიც მხოლოდ ცალმხრივ აშუქებს ქართულ პოლიტიკას და კატეგორიულად ამბობს უარს განსხვავებული აზრის გამოქვეყნებაზეც კი, არ შეესაბამება ამ სულისკვეთებას“, – ნათქვამია წერილში. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მხარს უჭერს იმ მედია საშუალებას, რომელსაც არ სურს მმართველი პარტიის პერსპექტივების შესახებ გამოაქვეყნოს ინფორმაცია. გავრცელებული ინფორმაციით, დონორი ორგანიზაცია გაოცებული დარჩა პაპუაშვილის წერილით.

OC Media აცხადებს, რომ თავმჯდომარის ოფისის წარმომადგენელმა თიკო მგელაძემ მედია საშუალებას პირველად პაპუაშვილის მოსაზრების გამოქვეყნების თხოვნით 28 ივნისს მიმართა. თუმცა, მგელაძემ მედიისთვის ტექსტის ჩვენებაზე უარი განაცხადა, სანამ რედაქცია არ დაადასტურებდა, რომ მოსაზრებას გამოაქვეყნებდა. სპიკერმა მხოლოდ სათაური – „საქართველოს დემოკრატიული მთავრობის საქართველოს მოსახლეობისაგან გამოყოფის ტაქტიკა რუსეთის ჰიბრიდული თამაშის ნაწილია“ და ტექსტის პირველი აბზაცი გამოგზავნა.

OC Media-ს მთავარმა რედაქტორმა, რობინ ფაბრომ და რედაქციამ ტექსტის გამოქვეყნებაზე უარი თქვეს. ფაბრომ ამის მიზეზად პრესისადმი საქართველოს ხელისუფლების მტრული დამოკიდებული და ჟურნალისტებთან თანამშრომლობაზე უარი დაასახელა. ამასთან, რედაქციის თქმით, მოსაზრებას აკლდა ფაქტობრივი საფუძველი და არ შეესაბამებოდა მედია საშუალების ძირითად ღირებულებებს.

მარიამ ნიკურაძემ, OC Media-ს დამფუძნებელმა და თანადირექტორმა, პაპუაშვილის წერილი მედია საშუალების სარედაქციო დამოუკიდებლობასა და, ზოგადად, პრესის თავისუფლებაზე აშკარა თავდასხმად შეაფასა. „არ გაგვიკვირდება, თუ ამას ‘დაუგეგმავი’ აუდიტი ან ცილისწამებაზე საქმის აღძვრა მოჰყვება“, – განაცხადა მან. „ასევე შეშფოთებულები ვართ ოფისისა და თანამშრომლების უსაფრთხოების საკითხით, რადგან მთავრობამ უკვე შექმნა ჟურნალისტებზე თვალთვალის პრეცენდენტი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button