„TI საქართველო“: პარლამენტი კრიტიკული მედიისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე გახდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TIG) მიერ 5 ივნისს გამოქვეყნებულ ანალიზში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე გახდა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სისტემური ხელის შეშლა 2023 წელს ამოქმედებულმა აკრედიტაციის განახლებულმა რეგულაციებმა გაამყარა, „რამაც აამოქმედა სადამსჯელო მექანიზმები კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, გააუარესა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირების ხარისხი“.
ორგანიზაციის თქმით, აკრედიტაციის ახალმა წესმა, რომელიც „წინასწარი განხილვის გარეშე“ მიიღეს, „თავიდანვე გააჩინა მოსაზრება, რომ მმართველი გუნდი ახალ წესს კრიტიკულად განწყობილი მედიის შეზღუდვისთვის გამოიყენებდა“. ხაზს უსვამს რა, რომ პარლამენტმა არ მიაწოდა ინფორმაცია, ახალი წესის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში მედიის წარმომადგენელთა მდგომარეობის შესახებ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ „აკრედიტაციის წესის ამოქმედებიდან აკრედიტაცია შეუჩერდა კრიტიკული მედიის 11 წარმომადგენელს“.
ორგანიზაციის თქმით, ბოლო რამდენიმე თვეში საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ „რეგულაცია სადამსჯელო მექანიზმია კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისთვის და ხელს უშლის პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობასა და მოქალაქეების ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობას“. „ახალი წესის შედეგად, ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო ნაკლებად ანგარიშვალდებული საკანონმდებლო ორგანო, სადაც ნაკლები კრიტიკული კითხვა ისმის“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ხაზს იმასაც უსვას, რომ იმ ფონზე, როდესაც საჯარო ინფორმაციის გაუცემლობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ხოლო მმართველი პარტიის წარმომადგენლები კრიტიკულ მედიასთან თანამშრომლობის ტრადიციულ ფორმებზე უარს ამბობენ, ჟურნალისტებისთვის ხელისუფლებასთან კომუნიკაციის და ინფორმაციის მოპოვების „ერთადერთი იძულებითი არჩევანი „დერეფნებში დადევნების პრაქტიკა“ დარჩა. „ეს ფორმა, შესაძლოა, იწვევდეს მედიის დისკრედიტაციას, დაკნინებას და ამასთან, ქმნიდეს დამატებით საბაბს, რომ ახალი წესით ჟურნალისტს პარლამენტში მუშაობა შეეზღუდოს“.
ორგანიზაციის განცხადებით, „აკრედიტაციის ახალი წესის დამკვიდრებული პრაქტიკა შეიცავს მედიაში თვითცენზურის გაზრდის რისკებს და იქონიებს მსუსხავ ეფექტს“. „ამ ტენდენციის შენარჩუნება კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას, ართულებს კრიტიკული ინფორმაციის თავისუფლად დინებას და ზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას“.
დასასრულს, „TI საქართველო“ ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინის პირობებში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა „უზრუნველყოს მეტი ღიაობა, დაუყოვნებლივ შეცვალოს ჟურნალისტების აკრედიტაციის ახალი წესი და კრიტიკული მედიის შევიწროების დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა“.
ასევე წაიკითხეთ:
- 06/02/2023 – პარლამენტი მედიას საკანონმდებლო ორგანოში ქცევის წესებს უსაზღვრავს
- 28/10/2022 – საპატრიარქო მედიას რეგულაციებს უწესებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)