skip to content
ახალი ამბები

„TI საქართველო“: ბოლო ერთ წელში ქვეყანაში მედიაგარემო „სისტემურად გაუარესდა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TIG) 3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო ერთი წლის განმალობაში (2022 წლისან 3 მაისიდან 2023 წლის 3 მაისამდე) ქვეყანაში მედიაგარემო „სისტემურად გაუარესდა“, „რასაც საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებიც ადასტურებს.

ნიკა გვარამიას საქმე

ანგარიშში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების საკითხით მოხვდა, რომელსაც სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ გვარამიასთვის სასამართლოს მიერ პატიმრობი მისჯა პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველმა და „სასამართლოს გადაწყვეტილებას არაერთგზის კრიტიკულად გამოეხმაურენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები“. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გვარამიას შეწყალებისკენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაერთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ მოუწოდა, რადგანაც ისინი მიიჩნევენ, რომ „გვარამიას პატიმრობაში დარჩენა აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას“ და „ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ ამაზე მიანიშნებს”.

ჟურნალისტებზე ძალადობა და არასათანადო გამოძიებები

ორგანიზაციის თქმით, „სიტუაციას ამძიმებს“ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება და ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. ამ კონტექსტში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმის ორგანიზატორთა დაუსჯელობაზე ამახვილებს ყურადღებას. „დღემდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე ფარული მიყურადების ათობით საქმე“.

ანგარიშის მიხედვით, „სისტემურია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლისა და თვითცენზურის გაძლიერების პრაქტიკა“ და „საფრთხეები განსაკუთრებით იზრდება კრიზისების პერიოდში“. ამ კონტექსტში 2023 წლის მარტში „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტის განხილვისას ჟურნალისტურ საქმიანობაში მიზანმიმართული ხელის შეშლის და სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტების შემთხვევებზე ამხვილებს ყურადღებას. ამავე აქციებისას, „TI საქართველო“ ინტერნეტგამოცემა „პუბლიკას“ დირექტორი, ზურა ვარდიაშვილისა და ასევე ინტერნეტგამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტის, ბექა ჯიქურაშვილის დაკავებას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე ხასიათის მტკიცებულება ჟურნალისტების მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, სასამართლომ ორივე მათგანი 2 200-2 200 ლარით დააჯარიმა“.

მართლმსაჯულების გამოყენება მედიის წინააღმდეგ

„საქართველოში საშიშ ტენდენციად ყალიბდება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სასამართლოში, ცილისმწამებლური განცხადების გამო, კოორდინირებულად შეტანილი სარჩელების საგანგაშოდ მზარდი რაოდენობა“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და განმარტავს, რომ „სამი წამყვანი კრიტიკული ტელევიზიის – „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მომჩივანების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან“.

ორგანიზაციის განმარტებით, მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი ცალსახა ჩანაწერისა, „მტკიცების ტვირთი მაინც ჟურნალისტზე გადადის“. „არის შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტურ საქმიანობაზე წნეხის გასაძლიერებლად, ცილისწამების სარჩელით უშუალოდ ჟურნალისტის პირადი ანგარიშების და ქონების დაყადაღებას მოითხოვენ“.

გაურესებული კანონმდებლობის ეფექტი გამოხატვის თავისუფლებასა და ფინანსურ დამოუკიდებლობაზე

2022-2023 წლებში მიღებული „ნეგატიური“ საკანონმდებლო ცვლილებები „საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობას. ამის ერთ-ერთ მაგალითად ორგანიზაცია 2022 წლის მარტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ასახელებს, რომელთა მიხედვითაც, აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა, სასპონსორო განცხადება და პროგრამაში პროდუქტის განთავსება, რის შედეგადაც 2022 წელს „სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 7.6%-ით შემცირდა“.

ამასთან, „2022 წლის ბოლოს პარლამენტმა მიიღო მორიგი ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომლითაც სხვა სადავო საკითხებთან ერთად, გაფართოვდა კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება და რეგულირებაში გადავიდა სიძულვილის ენა. ეს ნიშნავს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს შეიცავს თუ არა გადაცემა ან პროგრამა სიძულვილის ენას და გამოიყენოს სანქციები“. „არსებობს მოლოდინი, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა მედიის და კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად იყოს გამოყენებული“, – ხაზგასმულია დოკუმენტში.

„უცხოეთის აგენტებზე“ კანონტპროექტი

დოკუმენტში „უცხოეთის აგენტებზე“ მმართველი უმრავლესობის მიერ ინიციირებულ რუსული ტიპის კანონპროექტზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომელიც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესის ფონზე უკანვე გაიწვიეს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „კანონპროექტი აზიანებდა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მიზნად ისახავდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების სტიგმატიზაციასა და ადამიანის უფლებების შეზღუდვას“.

აკრედიტაციის ახალი წესის „მსუსხავი ეფექტი“

დოკუმენტი პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ჟურლასტების აკრედიტაციის ახალ წესზეც ამახვილებს ყურადღებას და ხაზს უსვამს, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის გაუცემლობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ხოლო მმართველი პარტიის წარმომადგენლები კრიტიკულად განწყობილ მედიასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, აკრედიტაციის ახალი წესი ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მოპოვების გზებს კიდევ უფრო ართულებს და ზრდის თვითცენზურის ატმოსფეროს. „აკრედიტაციის წესმა პრაქტიკაში უკვე აჩვენა, რომ რეგულაცია ხელს უშლის პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button