skip to content
ახალი ამბები

მთავრობამ და ქართულმა ოცნებამ 2021 წელს აშშ-ის ლობისტურ კომპანიებზე 1 879 999 აშშ დოლარი დახარჯეს

უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონი (Foreign Agents Registration Act – FARA) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი უცხოელი აგენტების საქმიანობის, მათ შორის უცხოელი ხელმძღვანელების სახელით ლობირების გამოვლენაში. ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „საქართველოს წინააღმდეგ სამარცხვინო კამპანიის“ წარმოებაში დაადანაშაულა, რომლის ოჯახიც, მისი თქმით, მილიონობით დოლარს ხარჯავს საქართველოს იმიჯის დასაზიანებლად. ღარიბაშვილის განცხადება FARA-ს ანგარიშს ეფუძნებოდა, რომლის მიხედვითაც სააკაშვილმა 2023 წლის პირველ 6 თვეში ამერიკულ ლობისტურ კომპანიებს ჯამში 33 500 აშშ დოლარი გადაუხადა.

FARA-ს შესრულების თაობაზე აშშ-ის კონგრესისადმი გენერალური პროკურორის მიერ წარდგენილი 2021 წლის მეორე ნახევარწლიანი ანგარიშის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ და საქართველოს მთავრობამ ცალცალკე მიმართეს აშშ-ის ლობისტურ კომპანიებს სხვადასხვა მიზნით. „სამოქალაქო საქართველომ“ ეს მონაცემები შეისწავლა.

მთავრობის სახელით ლობისტების დაქირავებისას, საქართველოს ხელმძღვანელი პირები საკუთარ ძალისხმევას აშშ-თან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისკენ მიმართავენ, რა დროსაც ყურადღებას უსაფრთხოებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სფეროებზე ამახვილებენ.

როგორც მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ლობისტური კომპანიები პარტიის სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და მედია გაშუქებისთვის დაიქირავა.

საერთო ჯამში, 2021 წელს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ ლობისტურ კომპანიებზე 1 879 999 აშშ დოლარი დახარჯეს.

2021 წელს საქართველოს მთავრობამ კომპანია Chartwell Strategy Group-ის მომსახურების მისაღებად 805 000 აშშ დოლარი გადაიხადა. კომპანიის მთავარი ამოცანა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, ასევე კონგრესსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ინტერესების ლობირება იყო.  

კომპანიამ DCI Group AZ, რომლის მიზანიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და „დემოკრატიისადმი ქართული ოცნების ერთგულების“ თაობაზე მედია გაშუქების უზრუნველყოფა იყო, 2021 წლის ექვსთვიანი პერიოდისთვისა 999 999 აშშ დოლარი მიიღო.

რაც შეეხება კომპანიას Hogan Lovells US, მმართველმა პარტიამ მასთან ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა იურიდიული კონსულტაციების, წარმომადგენლობისა და ლობისტური მომსახურების გაწევის მიზნით. კომპანიის ლობისტური საქმიანობის მიზანი „ქართული ოცნებისა და საქართველოს მთავრობის ინტერესების დაცვა იყო აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების ოფიციალური წარმომადგენლების წინაშე“. კომპანია ასევე თანამშრომლობდა საქართველოს არჩეულ ოფიციალურ პირებთან, მათ შორის პარლამენტის წევრებთან, და ამავდროულად „ქართული ოცნების“ მითითებისა და კონტროლის ქვეშ მოქმედებდა. ლობირების მიზნით 6 თვის მანძილზე 75 000 აშშ დოლარი დაიხარჯა.

შედარებისთვის: 2021 წელს მხოლოდ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიქირავა ლობისტური კომპანია. კომპანია Cogent Strategies-ის მომსახურება ითვალისწინებდა საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტერგრაციის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს საქმეებში აშშ-ის მონაწილეობის საჭიროების ხაზგასმას.

ამასთან, კომპანია პარტიას საინფორმაციო ბიულეტენებისა და ანალიტიკური სტატიების რედაქტირებასა და განთავსებაშიც ეხმარებოდა, ასევე კონგრესის მხარდაჭერის მისაღებად, მის ძირითად კომიტეტებთანაც მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ნახევარწლიან ანგარიშში, ლობისტური საქმიანობის ფინანსური დეტალები არ გამჟღავნებულა, მეორე ნახევარწლიანი ანგარიშის თანახმად, კომპანიისთვის გაწეულმა ხარჯებმა 78 750 აშშ დოლარი შეადგინა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button