საქართველომ ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გახსნა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20 ივლისს ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გახსნეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გამოავლინეს, მათ შორის საქართველოს, ბულგარეთის და თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის ჰეროინის, კოკაინის, ბუპრენორფინის, მეთადონის, მეტამფეტამინის, ამფეტამინის და მდმას გავრცელებაში იყვნენ ჩართულნი.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ე.წ. ,,ლოკაციებზე“ განთავსების გზით ახორციელებდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამ ეტაპზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელი, ჯგუფის 2 წევრი და ე.წ. 16 „დამდები“.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში, ნარკოვაჭრობის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სპეციალურად გახსნილ ქართულ საბანკო ანგარიშებზე ათასობით ტრანზაქციად ნარკოტიკული საშუალების შემძენებმა ჯამში 15 233 071 ლარი, 2 577 004 აშშ დოლარი და 10 210 ევრო ჩარიცხეს.
ამასთან, დანაშაულებრივმა ჯგუფმა დაიწყო საზღვარგარეთ, ძირითადად კვიპროსში უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა. ჯგუფმა საქართველოში რამდენიმე იურიდიული პირიც დააფუძნა, ხოლო თანხა ბათუმში უძრავი ქონების შესაძენად წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით სამშენებლო კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა.
საზღვარგარეთ მყოფ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს და საქართველოში დაკავებულ პირებს უკვე წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება) და სსკ-ის 194-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
21 ივლისს, ტრანსნაციონალურ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ექვსივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სამი დაკავებულისა და სამი ძებნილის მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. წინასასამართლო სხდომა 14 სექტემბერს ჩაინიშნა.
ასევე წაიკითხეთ:
- 18/05/2023 – შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 55 პირი დააკავა
- 30/03/2023 – შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 58 პირი დააკავა
- 14/02/2023 – ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავეს, მათგან 23 ნარკორეალიზატორია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)