ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი გმობს ძალადობას “პრაიდ ფესტივალზე” და ხაზს უსვამს რეფორმების საჭიროებას ნატოში გაწევრიანების გზაზე

13 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის გახსნაზე, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა დაგმო “პრაიდ ფესტივალზე” მომხდარი ძალადობრივი ქმედებები და კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

მან გამოხატა მწუხარება და შეშფოთება იმ პირთა ძალადობრივი ქმედებების გამო, რომლებიც აცხადებენ, რომ “პრაიდ ფესტივალზე” უფლის სახელით მოქმედებდნენ. “ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ნახვა, რომლებიც ძალადობას იყენებდნენ კერძო ტერიტორიაზე მშვიდობიანი კონცერტის აღსაკვეთად, განსაკუთრებით, როდესაც ისინი აცხადებდნენ, რომ ღმერთის სახელით მოქმედებდნენ. ადამიანები, შესაძლოა, ბევრ რამეზე არ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ ვფიქრობ, ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ქრისტიანული ღირებულებები, უპირველეს ყოვლისა თანაგრძნობას, სიყვარულს, ტოლერანტობასა და პატივისცემას გულისხმობს. იმას, რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი“, – აღნიშნა ელჩმა.

უსაფრთხოების საკითხებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაცემული დაპირებების მიუხედავად, უმართავ ბრბოს მიეცა საშუალება, ძალადობრივი მოწოდებებით თბილისის ქუჩებში კილომეტრები გაეარათ.

ელჩმა აღნიშნა: „ჩვენ შარშან ვნახეთ… რომ პოლიციამ იცის როგორ დაიცვას მოქალაქეები და გააკონტროლოს მომიტინგეები“ და იმედგაცრუება გამოთქვა, რომ წელს მომიტინგეებს პოლიციის პერიმეტრის დარღვევის, ქონების ვანდალიზაციისა და ნგრევის შესაძლებლობა მიეცათ.

“სამწუხაროა თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე კოორდინირებული თავდასხმების სერია. რადიკალები, რომლებიც შაბათს ვნახეთ, იყვნენ იგივე რადიკალები, რომლებმაც მოაწყვეს ძალადობა 2021 წელს. ვფიქრობ, თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან“ დასძინა მან.

ნატოს სამიტის კომენტირებისას ელჩმა დეგნანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მისწრაფებებისადმი, როგორც ეს ვილნიუსის სამიტზე იყო გამოხატული. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის საჭირო რეფორმების განხორციელების აუცილებლობას, მათ შორის სასამართლო რეფორმას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. „ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას, ნათელია” და აღნიშნა, რომ ნატოს წევრობისთვის საჭირო რეფორმები ემთხვევა ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეფორმებს. „ჩვენ უბრალოდ გვინდა ვიხილოთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ განახორციელოს ის რეფორმები, რაც აუცილებელია“, – აღნიშნა ელჩმა.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ სამიტზე ძირითადად ყურადღება გამახვილდა რუსეთის ომზე უკრაინაში. მან ხაზი გაუსვა მოკავშირეების ერთიან მხარდაჭერას რომ უკრაინამ, საქართველომ, მოლდოვამ და სხვა სუვერენულმა ქვეყნებმა თავად აირჩიონ საკუთარი ალიანსები, ის, თუ სად გაწევრიანდნენ. ელჩმა დეგნანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის მცდელობები, შეარყიოს ეს უფლება, მიუღებელია მოკავშირეებისთვის. “საქართველომ აირჩია გახდეს ნატოს წევრი და ნატო მიესალმება საქართველოს როგორც წევრს, როგორც კი საქართველო განახორციელებს საჭირო რეფორმებს”- აღნიშნა დეგნანმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button