skip to content
ახალი ამბები

საქართველო ნატოს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში

ვილნიუსში ნატოს სამიტში მონაწილე ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა გამოაქვეყნეს კომუნიკე, რომელშიც ყურადღება გაამახვილეს ალიანსის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ალიანსისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

კომუნიკეში საქართველოს შესახებ ნახსენებია, რომ ალიანსი რჩება ერთგული 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულების მიმართ, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნატოს წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP-ით), რომელიც გაწევრიანების განუყოფელ ნაწილად ითვლება.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევისგან თავისუფლად. მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ძალები, რომლებიც განლაგებულია საქართველოში მისი თანხმობის გარეშე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება,“- ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.

მოკავშირეები აცხადებენ: „ჩვენ ძალზედ ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს ნატოს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და უნარს შეიტანოს წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში“.

ისინი ასევე რჩებიან მზადყოფნაში „სრულიად გამოიყენონ ნატო-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით“.

კომუნიკე მიესალმება გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს.

მოკავშირეები ასევე აცხადებენ, რომ „ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით დასაწინაურებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების მხრივაც და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“.

რა შეიცვალა ბრიუსელის სამიტის კომუნიკედან?

ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა კომუნიკე ბოლოს 2021 წლის ბრიუსელის სამიტზე მიიღეს. 2022 წლის მადრიდის სამიტმა გაცილებით მოკლე დოკუმენტი – დეკლარაცია გამოსცა.

ბრიუსელის სამიტის 2021 წლის კომუნიკეში საქართველოს შესახებ ნათქვამია:

„მივესალმებით რეფორმების განხორციელების კუთხით იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია და კვლავაც უნდა მიაღწიოს, რომელიც დაეხმარა საქართველოს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში და ალიანსთან თავსებადობაში. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე რუსეთის მზარდი დესტაბილიზაციური ქმედებების საპასუხოდ და მივესალმებით ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის განსახორციელებლად გადადგმულ ნაბიჯებს“.

ამრიგად, ბრიუსელის სამიტის ეს დეკლარაცია სამომავლო გაწევრიანების თაობზე იმავე ფორმულას შეიცავდა, რაც დღეს ვილნიუსში მიღებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ვალდებულებას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი. თუმცა 2021 წელს, უკრაინა და საქართველო ერთსა და იმავე კონტექსტში განიხილებოდა. ვილნიუსის სამიტზე კი გადაწყდა, რომ უკრაინას აღარ მოეთხოვება MAP-ის შესრულება საბოლოო წევრობისთვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც აკლია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს არის ფორმულირება, რომ „საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად“, რაც 2016 წლიდან მოყოლებული ნატოს სამიტის კომუნიკეს ნაწილი იყო.

ბრიუსელის კომუნიკესგან განსხვავებით, გამქრალია რეფორმების პროგრესის შესახებ მაღალი შეფასება და მას რეფორმების განხორციელებისკენ მოწოდება ანაცვლებს.

ვილნიუსის სამიტის დასკვნით დოკუმენტში არ ფიგურირებს აგრეთევ შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით საქართველო-ნატოს ერთობლივი ძალისხმევის შესახებ ფორმულირება, ბრიუსელის კომუნიკესგან განსხვავებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button