skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ ,,ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ერთი პირი გაამართლა, რვა პირს კი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის 10 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული ცხრა პირიდან მხოლოდ ერთი, ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებული ხელოსანი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ რვას კი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გულგრილობის (2201-ის II), უხარისხო სამუშაოების შესრულების (251-ის, II, III) და ყალბი დოკუმენტის გასაღება ან გამოყენების (362-ის, II (ბ)) მუხლებით 6 წლიანი პატიმრობა შეეფარდა „გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს. ხოლო, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილს სამსახურებრივი გულგრილობისთვის (სსკ-ის 342-ის, II) 3 წელი მიესაჯა.

ამასთან, ,,გრინსერვისი+“-ის საქმის მწარმოებელს, ბექა მურღვლიანს და „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს ლაშა ჭიღიტაშვილს გულგრილობის მუხლით (2201-ის, II) 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ერთ ხელოსანს, გიორგი გობეჯიშვილს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის (240-ის, II) – 4 წელი, ,,გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს, დევი კახოიძეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების მუხლით (25-362-ის I) – 3 წელი, ხოლო ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს, ნუგზარ ქიტიაშვილს და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილის ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებისთვის (362-ის, II-ის (ბ)) 3 წელი და 6 თვე მიესაჯათ.

,,შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა მერიის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, ,,მშენებლობა, ექსპერტიზა დიზაინის“ ექსპერტის და სამი იურიდიული პირის ბრალდების საქმეზე,“ – წერია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, თბილისში, ვაკის პარკის ახლადრეაბილიტირებულ შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. იგი თავის მეგობრებთან ერთად ფრენბურთს თამაშობდა, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდა. გოგონამ შადრევნიდან ბურთის ხელით ამოღება სცადა, რა დროსაც მას დენმა დაარტყა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button