ახალი ამბები

ახლადშეკეთებულ ვაკის პარკში მოზარდებს დენმა დაარტყა, ერთი მათგანი გარდაიცვალა

13 ოქტომბერს, თბილისში, ვაკის პარკის ალხადრეაბილიტირებულ შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგოს გარდაცვალებას საზოგადოების მღელვარება მოჰყვა. დღესვე, დედაქალაქის „კორუმპირებული მერის“ პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით, თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციაც დაიგეგმა.

რა მოხდა ვაკის პარკში?

ვაკის პარკის შადრევანში, რომელიც საზეიმოდ გუშინ საღამოს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნა, სამი მოზარდისთვის დენის დარტყმის შესახებ ინფორმაცია პირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

ტელეკომპანიის ცნობით, 55-ე სკოლის მოსწავლეებს ფრენბურთის თამაშისას ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. ერთ-ერთი თვითმხილველის მონაყოლით, გოგონა შადრევნიდან ბურთის ხელით ამოღებას ცდილობდა, რა დროსაც მას დენმა დაარყა და შიგნით ჩავარდა. ამის შემდეგ, შადრევანში გოგონას დასახმარებლად მისი ორი თანაკლასელი ბიჭი ჩავიდა და დენმა მათაც დაარტყა.

შადრევანიდან ამოყვანილი მოზარდები ქალაქის კლინიკებში გადაიყვანეს. ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განმარტებით, მოზარდი ბიჭის მდგომარეობა ახლა სტაბილურია და იგი პედიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. გოგონას რეანიმაციის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ის გარდაიცვალა. მესამე დაშავებული მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკაშია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით იძიებს.

პრემიერისა და დედაქალაქის მერის გამოხმაურება

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ერთ-ერთი პირველი საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. „ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სახელით მთავრობის ადმინისტრაციის Facebook-ით გავრცელებულ განცხადებაში.

„უმძიმესი ფაქტია“, – განაცხადა მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში და ხაზი გაუსვა, რომ გამოძიება დაწყებულია და „ყველა დაისჯება შესაბამისად, კანონის ფარგლებში“.

ჟურნალისტის კითხვაზე – შეამოწმეს თუ არა შადრევანის უსაფრთხოება მის გახსნამდე? – დედაქალაქის მერმა უპასუხა, რომ „ცხადია, შემოწმებული იყო“. ასევე ჟურნალისტის კითხვაზე – ხედავს თუ არა მომხდარში დედაქალაქის მერიის პასუხისმგებლობას? – კახა კალაძემ თქვა, რომ „ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“.

ოპოზიციის გამოხმაურება

„ეს ტრაგედია არის შედეგი უპასუხისმგებლობის, ხალხზე ზრუნვის ნაკლებობის და ტენდერების მარჯვნივ [და] მარცხნივ … ნათესავებზე დარიგების შედეგი“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და დასძინა – „კალაძის ადგილას გადავდგებოდი, მორალური და ზნეობრივი ძალა არ მეყოფოდა“.

მომხდარში დედაქალაქის მერიისა და კახა კალაძის პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი “სტრატეგია აღმაშენებელმაც”. „ქალაქის მერიაა, როგორც სამუშაოების დამკვეთი, ასევე ის ორგანო, რომელმაც ჩაიბარა ობიექტი და პასუხისმგებელია შადრევნის გამართულ მუშაობაზე, ისევე როგორც რეკრეაციულ სივრცეებში მოქალაქეების უსაფრთხოებაზე“, – განაცხადეს პარტიაში და კახა კალაძეს „დაუყოვნებლივ“ გადადგომისკენ მოუწოდეს.

„გადადგეს! უნდა გადადგეს!“, – დაწერა Facebook-ზე პარტია რესპუბლიკელების დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ.

„დღევანდელ ფაქტზე პასუხისმგებელია არა მარტო კომპანია, არამედ ის თანამდებობის პირებიც, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს და ოფიციალური დოკუმენტი დადეს, რომ ყველაფერი არის წესრიგში და მოსახლეობისთვის უსაფრთხო“, – განაცხადა პარტია ევროპული საქართველოს წევრმა ბესიკ დონაძემ და კახა კალაძეს შეახსენა, რომ დამნაშავეები „მის გარშემო“ უნდა ეძებოს.

ვინ შეასრულა ვაკის პარკის შადრევნის სამუშაოები?

ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთის“ მიერ მოძიებული ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ვაკის პარკის შადრევანისა და მისი კასკადის რეაბილიტაცია 3 442 383 ლარი დაჯდა სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიამ 2022 წლის აგვისტოში ჩაიბარა.

მიღება-ჩაბარების აქტს, მერიის მხრიდან ხელს აწერენ: გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი, ლექსო უტიაშვილი და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, იუზა წერეთელი. შემსრულებელი კომპანიის მხრიდან ხელმომწერი იყო შპს „გრინსერვისი+“-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. ფურცხვანიძე ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელია, ის აქციების 33%-ს ფლობს, ხოლო მისი ყოფილი მოადგილე, კობა ხარშილაძე, კიდევ 33%-ს.

„ნეტგაზეთისვე“ ინფორმაციით, სამუშაოებს ინსპექტირება კომპანია „მშენექსპერტმა“ გაუწია და დაასკვნა, რომ თბილისის მერიას და „გრინსერვის+“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული და შესრულებული სამუშაოები „შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან“.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში მიუთითებდა, რომ 2013 წელს ფურცხვანიძე და ხარშილაძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, იმ ბრალდებით, რომ საჯარო სამსახურში ყოფნისას დააარსეს “გრინსერვისი” და ფიქტიური მმართველებს გადასცეს, შემდეგ კი სახელმწიფო ტენდერებში წარმატებით მონაწილეობდნენ. ჯარიმის გადახდის შემდეგ, იმავე პირებმა “გრინსერვის +” დააარსეს და მხოლოდ 2013 წლის ნოემბრიდან 2018 წლის იანვრამდე 21 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა” მაშინ მოუწოდებდა მთავრობას, რომ არაკეთილსინდისიერ საქმიანობაში შემჩნეულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღების უფლება უნდა შეზღუდვოდათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button