ახალი ამბები

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი  საქართველოს სტუმრობს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი სამუშაო ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს.

მიატოვიჩმა მოწვეული სპიკერის სტატუსით მონაწილეობა მიიღო თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში. ასევე მოსალოდნელია, რომ იგი თბილისი პრაიდის კვირეულს გახსნის, რომელიც 1 ივლიდან 8 ივლისამდე გაიმართება.

შეხვედრა პრემიერმინისტრთან

1 ივლისს დუნია მიატოვიჩი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მხარეებმა ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს.

შეხვედრაზე პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების ერთგულია, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ღარიბაშვილის თქმით, რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია, რომელიც შექმნილია ეროვნულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე რეაგირებისათვის.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა მოქალაქისთვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაა და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. საუბარი ასევე შეეხო 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესს. „აღინიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაუმჯობესდა და რადიკალურად შეიცვალა ვითარება ამ კუთხით“.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. მთავრობის მეთაურმა დუნია მიატოვიჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება.

შეხვედრა პრეზიდენტთან

3 ივლისს დუნია მიატოვიჩმა ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა პირისპირ შეხვედრა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარო შეეხო ადამინის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას, მოწყვლადი ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის და ძალადობის პრევენციის საკითხებს. აღინიშნა, რომ მიუღებელია ძალადობის და დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმა.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. პარლამენტის პრეს-რელიზის თანახმად, „შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებასა და საპარლამენტო საქმიანობას“.

რელიზში ნათქმავია: „დუნია მიატოვიჩმა აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და მისი შესაძლებლობების ფარგლებში, მზად არის, გაუწიოს დახმარება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“.

შეხვედრის დასასრულს, შალვა პაპუაშვილმა კომისარს მადლობა გადაუხდა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

შეხვედრა სახალხო დამცველთან

ვიზიტის ფარგლებში დუნია მიატოვიჩი 3 ივლისს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების წუხილებს უსაფრთხოების თაობაზე, ასევე უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button