ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტებს პოლიტიკურ დივერსიაში ადანაშაულებს

29 ივნისს Twitter-ზე გამოქვეყნებულ გრძელ პოსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ის „მიზანმიმართული კამპანია“ გააკრიტიკა, რომლის მიზანიც „მთავრობის ქართველი ხალხისგან განცალკევებაა“. მან დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ ოპონენტებმა მაგალითი რუსული ჰიბრიდული ომისგან აიღეს და „ხელისუფლების დელეგიტიმაციას პოლიტიკური დივერსიის ინსტრუმენტად იყენებენ“.  

აღნიშნა რა, რომ ზოგიერთი ოპონენტი „საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ მართულ საბჭოთა და რუსულ „საგანმანათლებლო“ დაწესებულებებში“ სწავლობდა, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „სამწუხაროა, რომ ჩვენი ზოგიერთი უცხოელი პარტნიორი და უცხოეთიდან დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია იყენებს ამ ტაქტიკას საქართველოს მთავრობის მიმართ“.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების ხალხისგან განცალკევება „უსამართლო, დამაზიანებელი და ამორალურია“.

პაპუაშვილის განცხადება, სავარაუდოდ, პასუხია იმ დისკურსზე, რომელიც ამტკიცებს, რომ მართალია საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან უმეტესობა ვერ შეასრულა, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებისას ბლოკში გაწევრიანების მიმართ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა გაითვალისწინოს. ანალოგიური არგუმენტი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გააჟღერა.

ეს დისკურსი დასავლეთში მას შემდეგ გახდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რაც ათასობით ქართველმა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გამართა. ევროპარლამენტში 14 მაისს გამართული დებატების დროს, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა: „საქართველოს ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას მიუხედავად იმისა, რომ მათი ამჟამინდელი ხელისუფლება არა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button