ახალი ამბები

ლევან ბერძენიშვილს ქუჩაში კვერცხები დაუშინეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს დღეს თბილისის ცენტრში თავს დაესხნენ. ახალგაზრდა მამაკაცმა მას კვერცხები დაუშინა, სიტყვიერი შეურაცხყობა მიაყენა და მოღალატედ მოიხსენია.

მანამდე, ბერძენიშვილი მმართველ პარტიასთან აფილირებული მედიის სამიზნე გახდა. მას საქართველოს ისტორიის დამახინჯებას, კერძოდ კი მეფე ერეკლე II-ის მიმართ უპატივცემულობას ედავებიან იმის გამო, რომ მან ერეკლე მეფე საქართველოს ინტერესების წინაააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, ბერძენიშვილს „კონსერვატიული მოძრაობის“ თელავის ორგანიზაცია დაუპირისპირდა და კახეთის რეგიონში საჯარო ლექციის გამართვის საშუალება არ მისცა.

დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით, ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ გამოხატული აგრესია პოლიტიკურად მოტივირებულია და მთავრობის მიერაა დაკვეთილი. „იყო ზურა, გირჩი [ჯაფარიძე], ახლა იქნება ლევან ბერძენიშვილი, მერე იქნება სხვა და ჩვენ გვეტყვის რომელიღაც ირაკლი კობახიძე, რომ ეს არის აღშფოთებული მოქალაქე“, – განაცხადა ბერძენიშვილმა. მისი თქმით, იგი არ აპირებს ინციდენტში პოლიციის ჩართვას. „მე არ ვთვლი, რომ პოლიცია ჩემს მხარეს და მოქალაქეების მხარეს იქნება. აბსულუტურად არანაირი ნდობა სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ არ მაქვს“, – დასძინა მან.   

ინციდენტის კომენტირებისას, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ „დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების  ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვისაც  განსხვავებული აზრები გააჩნიათ.  აგრესიას, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში  არსებობს  განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, თუ ცხოვრებაში გადმოვიტანთ აუცილებლად მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას”. მან მოუწოდა სამართალდამცავებს მოახდინონ „მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება“ და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაგმო ძალადობა და განაცხადა, რომ „არიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის, აგრესიის დათესვისთვის და პირდაპირ უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ იდენტობას“. მისი თქმით, ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ეკლესიას და პატრიარქს, ჩართულნი არიან მიუღებელ აგიტაციაში და „ებრძვიან ჩვენს 250 წლის გარდაცვლილ მეფეებს“. „არ შეიძლება ადამიანი, რომელიც პროფეროსის სტატუსით სარგებლობს, თუ არ ვცდები, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button