ახალი ამბები

პრემიერი კვლავ „ხელმოცარულ“ ოპოზიციას აკრიტიკებს და ტრადიციულ ღირებულებებზე საუბრობს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 9 მაისს ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით თბილისში, კიკვიძის ბაღში გამართულ ღონისძიებაზე ვეტერანებს ბოროტების დამარცხებისა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. ამის შემდეგ, მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, რა დროსაც კვლავ „ხელმოცარული“, „გაკოტრებული“ ოპოზიცია გააკრიტიკა და კიდევ ერთხელ ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე.

„გაკოტრებული, ხელმოცარული“ ოპოზიცია დავით კეზერაშვილის „სკანდალის“ გადაფარვას ცდილობს

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „გაკოტრებული“, „ხელმოცარული“, „არასერიოზული“ ოპოზიცია „უსუსურად“ ცდილობს, რომ რაიმენაირად გადაფაროს ე.წ. „ქოლცენტრებთან“ დაკაშირებული „საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობის სქემა“, რომელიც მისივე თქმით, ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, BBC-მ გაშიფრა და დაადასტურა, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „[დავით] კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები. 1 მილიარდი დოლარი არის მოპარული“.

„აი ასეთი საუკუნის ძარცვა, იქნა ჩადენილი კეზერაშვილის მიერ და ეს კაცი ჯერ კიდევ გამოთქვამს პრეტენზიას და მის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები გამოთქვამენ პრეტენზიებს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს არის შემაშფოთებელი“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა და თქვა, რომა ამაზე ჟურნალისტებმა კითხვები უნდა დასვან და საზოგადოებამ პასუხები მიიღოს.

„მე მჯერა, რომ ევროპული საგამოძიებო სამსახურები ამ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე. თქვენ იცით, რომ გერმანულ გამოძიებასთან ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი გამოვიძიეთ ერთად, გავხსენით და საბოლოო ჯამში ნათელი მოეფინა ამ რეალობას“, – დასძინა მან.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება ოპოზიციური პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზეც გაამახვილა და თქვა, რომ ეს „1%-იანი პარტიის ლიდერი“ „დიდ უტოპიაშია“ და „წამლავს საზოგადოებას, თავის ახალგაზრდებს და მის მიერ შემოკრებილ, თავისი იდეების, აზრების გამზიარებლებს“.

„ეს 1%-იანი, ხელმოცარული, გაკოტრებული, ანტიეროვნული ძალები, ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს ვერ მოაწყობენ. ჩვენი ხალხი ბრძენია, ძალიან კარგად ხედავს რაც ხდება და ჩვენ მთავარი შევინარჩუნეთ, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და არა მხოლოდ შევინარჩუნეთ, ჩვენ ქვეყანა გადავარჩინეთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ეს ნეოფაშისტები და ასეთი ულტრარადიკალები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში“, დღეს „ქვეყანა აღარ გვექნებოდა“ და მას „მეორე პოლიგონად გადააქცევდნენ“.

„ჩვენ არ დავუშვებთ არც უმცირესობაზე ძალადობას და ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე“

ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე პრემიერის სიტყვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ „ჩვენ არ დავუშვებთ არც უმცირესობაზე ძალადობას და ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და მათ აგრესიულ პროპაგანდას ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებები კონსტიტუციით არის გარანტირებული და „არცერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ ხდება ჩვენს ქვეყანაში“. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილმა იქვე დასძინა, რომ ჩვენი ქვეყნის „აბსოლუტური უმრავლესობა“, დაახლოებით 90%, „იზიარებს იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახურ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ყველანი დღემდე მოვედით, ესაა ქრისტიანული ფასეულობები, ესაა ეროვნული, პატრიოტული, ოჯახური ღირებულებები“.

„მე ამაზე მაქვს საუბარი. თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყნებში, იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით? ესაა პროპაგანდა, რომელიც არის მომწამვლელი ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში აღარ ვსაუბრობ. თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიძიოთ ამის თაობაზე“, – ჰკითხა მან ჟურნალისტებს და დასძინა, რომ „ჩვენი ვალდებულებაა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ ამას გავაკეთებთ“.

რაც შეეხება კონფერენციაზე გამოსვლის გამო ევროპარლამენტში ევროპელი სოციალისტების ჯგუფის მხრიდან კრიტიკას, რომლის ოჯახის წევრი „ქართული ოცნებაცაა“, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ამაზე მმართველ პარტიას პოლიტსაბჭოს ფორმატში ექნება მსჯელობა. „ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს, შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისში“.

“ზოგიერთმა დაპოსტა თუ გამოაქვეყნა განცხადება, რომ იმის გამო, რომ მე მივიღე კონსერვატიულ მოძრაობაში…, თურმე, ეს არის მიუღებელი მათთვის. თურმე, მიუღებელია ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, რაც მე ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში და რომ მიუღებელია ეს აღვირახსნილი, აგრესიული პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას“, – განაცხადა მან და დასძინა: „თუ ამის გამო ვიღაცას არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია. ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ მათთან თანამშრომლობას“.

„მიხედოს ბატონმა არახამიამ თავის თავს“

პრემიერმა საქართველოში უკრაინის ელჩის დაბრუნების პირობების, ასევე საქართველოს ზოგიერთი მოქალაქისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე, უკრაინის „რადას“ მმართველი ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა და თქვა, რომ აღნიშნა, რომ „ვიღაც არარაობის“ ნათქვამზე „სერიოზულ კომენტარს“ არ გააკეთებს. „მიხედოს ბატონმა არახამიამ თავის თავს“, – დასძინა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დავით არახამიას განცხადებები, „კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა“, რომ ის და „ჩვენი ექსტრემისტული, რადიკალური ოპოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდეც, ომის შემდეგაც და დღესაც ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო, გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ფაშისტური, ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას“.

„ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ, საზოგადოებამ ძალიან ბევრი ფაქტი ნახა ამ კოორდინაციის, შეთანხმებული მოქმედებების და ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია არის ჩართული პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და მას არავინ ეკითხება აქ ჩვენ, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ზოგადად ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას“, – განაცხადა მან.

პრემიერმა საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნაზე, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის ნათქვამიც მოიხმო და ჟურნალისტებს მიმართა: „თქვენ ქართველები ხომ ხართ?! ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ხომ ხართ?! ამაზე რატომ არ შეგტკივათ გული?! ვიღაცას, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თქვენს ქვეყანაში უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა, ანუ ჩვენი ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა, რაც ხდება, კი უყურებთ უკრაინაში და თქვენ ამაზე პროტესტიც კი არ გაქვთ, რეაქცია არ გაქვთ, პოზიციას არ გამოხატავთ და იმეორებთ ერთსა და იგივეს“.

პრემიერმა უკრაინში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ უკრაინას და უკრაინელ ხალხს უსურვებს მშვიდობას, საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას და „ამ დიდი, დამანგრეველი ომის მალე დასრულებას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button