skip to content
ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტს „რადიკალური“ ოპოზიციის სასარგებლოდ მიკერძოებას ედავება

ბრიუსელში პრეზიდენტის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ხელისუფლებისადმი ბოლოდროინდელ კრიტიკას ეხმიანება და მას „რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის“ სასარგებლოდ „პოლიტიკური მიკერძოების“ გამოვლენაში სდებს ბრალს.

„ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას“, – ნათქვამია მმართველი პარტიის მიერ 29 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ასევე ხაზგასმულია, რომ პრეზიდენტის ბოლო ორი წლის განცხადებები „უარყოფითად აღიქმება და ფასდება, უპირველეს ყოვლისა, ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელმაც მას, ჩვენი მოწოდების საფუძველზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი“.

მმართველ პარტიის განმარტებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სალომე ზურაბიშვილს მხარი იმ მოლოდინით დაუჭირეს, რომ „სათანადოდ შეასრულებდა ზეპარტიული პრეზიდენტის ფუნქციას საპარლამენტო მმართველობის სისტემაში“. „მივიჩნიეთ, რომ უპარტიო ქალბატონი, რომელიც იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელოვანი მოღვაწეების შთამომავალი… იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი ამ მისიისათვის“, – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.

მმართველ პარტიაში ხაზს იმასაც უსვამს, პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევისას, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ სალომე ზურაბიშვილს „მკაფიოდ განუმარტა“, რომ არჩევნებში მხარდაჭერის მიუხედავად, მას მათ წინაშე არავითარი ვალდებულება არ უნდა ჰქონოდა, რადგანაც მმართველი პარტიის მიზანი „საპარლამენტო მმართველობის სისტემაში საქართველოს პრეზიდენტის ზეპარტიული ინსტიტუტის სათანადოდ დამკვიდრება იყო“.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „სხვა გზა აირჩია“, მათი პოზიციაა, რომ „პრინციპულად“ შეიკავონ თავი პრეზიდენტის კრიტიკისგან, რათა ხელი არ შეუწყონ „პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას“. „ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საქართველოს უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაზე“.

„იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კარგავს ლეგიტიმაციას საზოგადოების იმ ნაწილის თვალში, რომელმაც მას 2018 წლის არჩევნებში დაუჭირა მხარი და ვერც საზოგადოების იმ ნაწილში იძენს ლეგიტიმაციას, რომელიც მას 2018 წელს მოღალატედ და რეზიდენტად აცხადებდა, ჩვენი ვალია, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების დარჩენილი წელიწადნახევრის მანძილზე შევუნარჩუნოთ თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად“, – განმარტავენ მმართველ პარტიაში.

დასასრულს, „ქართული ოცნება“ იმედს გამოთქვამს, რომ „სალომე ზურაბიშვილი ქართული საზოგადოების უმრავლესობასთან კიდევ უფრო მძაფრ კონფრონტაციაში არ შევა. „ქართული ოცნება“ მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს, ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს“.


„ქართული ოცნების“ განცხადებას წინ უძღვოდა ბოლო პერიოდში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ხელისუფლების არაერთგზის კრიტიკა ანტიდასავლური პოლიტიკის გამო. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იყო. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ მთავრობას, 27 მაისს, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე პროტოკოლის დარღვევის გამოც უსაყვედურა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button