ეპისტოლე საქართველოს საკათოლიკოზო საბჭოსი
26 მაისი 1918წ
თავისუფალის საქართველოს ეკლესიის ძეთა და ასულთა მიმართ
ეპისტოლე
სრულიად საქართველოს საკათოლიკოზო საბჭოსი
საქართველოს ეკლესიის ძვირფასო ძენო და ასულნო, მადლი თქვენდა და მშვიდობა ღვთისა მიერ მამისა ჩვენისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი!
გაგვითენდა! როგორც არის, ცა გაგვეხსნა! ბოლოს ჩვენთანაც დაირეკა ბრწყინვალე აღდგომის სალიტანიო ზარები! საქართველო აღსდგა, ჩვენი სათაყვანებელი სამშობლო უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის გამოცხადებული!
როგორც მკვდრეთით აღდგომილმა ქრისტემ თვისას საფლავის კარიდან გადააგორა ლოდი, ისე დღევანდელმა საქართველომ მოიხსნა მონობა, ასი წლის განმავლობაში მძიმე ლოდად რომ აწვა მკერდზედ, ულმობელი რომ ბორკავდა მას და უსულო ცხედარს ამსგავსებდა…
ასეთი ბედნიერება მინდორში არ გვიპოვია, ამას მივაღწიეთ როგორც კურთხეულის ქართველი ერის მედგარის და გონიერის ხანგრძლივი მეცადინეობით, ისე ჩვენი სასოების იესო ქრისტეს წყალობით, ჩვენი სამშობლოს დაუცხრომელი მეოხ ყ-დ წმიდა ღვთისმშობლის ფარვა-მცველობით, ჩვენი სულიერის დედის, მოციქულთა სწორის ნინოსი და ჩვენი სისხლისა და ხორცის დიდებულ მოწამეების – არჩილისა, ლუარსაბისა და ქეთევანისა – საქართველოს კეთილდღეობის მარად-დღე ღვთის წინაშე მხურვალე შუამდგომლობით!
ქება და სახელი შენ, ქართველო ერო, დიდება და თაყვანისცემა, ტკბილო იესო ყ-დ წმიდით დედით შენითურთ, მადლობა და შვილებრივი სიყვარულით მარად ხსენება თქვენ, ჩვენო გაუქრობელნო სულიერნო ლამპარნო, მოციქულო ნინო, დავით აღმაშენებელო, უკვდავო თამარ, ქეთევან და სხვანო!…
საყვარელნო! ხშირად ბრწყინვალე მზეს ღრუბლები ეფინებიან და აბნელებენ ხოლმე, შემოსულ ყურძენს ესევიან წასახდენად ქურდები და ოთხფეხები, აგრეთვე საამოდ მობიბინე ჯეჯილს ეტანება ხოლმე ამოსაგდებ-მოსაძოვრად ნახირი.
ძვირფასნო! ყველას მოგახსენებთ, რომ სავსე ვენახში და თავთავად-ამოღებულ ყანაში შესული საქონლის გამოსადევნად ერთგვარი გულსმოდგინებით, თანასწორი დაუზარებლობით და დაუყოვნებლივი სისწრაფით მიეჭურებიან ხოლმე მესაკუთრეს ოჯახიდან დიდი და პატარა, ქალი და ვაჟი, ჯანსაღი და სნეულებაში მყოფი.
ჩვენც ნამდვილად ამ გვარად უნდა უაპტრონოთ, ამ გვარად უნდა უერთგულოთ და უჭირისუფლოთ ყველამ სამშობლოს, მიუხედავად ჩვენი საზოგადოებრივის მდგომარეობისა, სქესისა, ჰასაკისა და პოლიტიკური რწმენისა. სამშობლოს გაჭრვებამ, სამშობლოს ბედნიერად არსებობისა და აყვავების წრფელმა სურვილმა უნდა ყველანი აგვამეტყველ-აგვამოქმედოს უსათუოდ ერთი და იგივე ენით, ერთი და იგივე გრძნობა-გულმოდგინებით-და მაშინ არავითარი მტერი საშიში არ იქნება ჩვენთვის, ვერავითარი გარეშე ძალა ვერას გაიტანს ძვირფასი სამშობლოდან, რომელიც უფრო საყვარელ შეიქმნება ჩვენთვის, როდესაც მისთვის ბრძოლას დავითმენთ.
ხალისიანად ამოვუდგეთ გვერდში ყველანი ჩვენს მთავრობას, რითაც და რამდენადაც შეგვეძლება, ხელი შეუწყოთ მას ქალმა და კაცმა ხელმწიფებრივ შრომა-მუშაობაში, საჭრო ნუ იქნება ჩვენთვის იძულება და სასტიკი ზომები მთავრობის განკარგულებით კერძო და საზოგადო ცხოვრებაში გასატარებლად! ნუ დავიყოფით, როგორც მოქალაქენი, ერთი მეორეს მოპირდაპირე და მოქიშპე ჯგუფებად! საქვეყნო, საზოგადო საქმეებში ვიმოქმედოთ ყოველთვის შეერთებულად, მდიდარმა და ღარიბმა, მრწეველმა და მუშამ, ვაჭარმა და მოხელემ, სოფლელმა და ქალაქელმა და ღმერთი გვიკურთხებს ნორჩ სახელმწიფოს, უფალი განამტკიცებს ჩვენს თავისუფლებას.
საყვარელნო, მხნე ვიყვნეთ და განვძლიერდეთ! ამინ!