ახალი ამბები

პუტინი უკმაყოფილოა ფრენების აღდგენასა და ვიზების გაუქმებაზე ქართველების რეაქციით

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 26 მაისს რუსული რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქმიანი რუსეთის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასა და ვიზების გაუქმებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის „სრული მოულოდნელობა იყო ის რეაქცია, რომელიც ამას [საქართველოში] მოჰყვა. მეგონა ყველა იტყოდა, აი, მადლობა, კარგია“. პუტინმა აღნიშნული „საქმიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს ქართული წარმომავლობის წევრის, რომან ბოკერიას მიმართვის შემდეგ განაცხადა, რომელმაც მას ამ გადაწყეტილების გამო მადლობა გადაუხადა.

„იქ [საქართველოში] ამ საკითხზე რაღაც სრულიად გაუგებარი ალიაქოთი ატყდა. ძალიან უცნაურია, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი. გვერდიდან რომ ვუყურებ, ვფიქრობ, სულ გაგიჟდნენ, რა ხდება იქ, გაუგებარია“, – აღნიშნა მან და დასძინა: „მეგონა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმებასთან და საჰაერო მიმოსვლის ნორმალურად აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები და ჩვენ ეს შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით“.

ამის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი დგამს „შემხვედრ ნაბიჯებს“ და ამას მომავალშიც განაგრძობს, „იმის მიხედვით, თუ როგორი რეაქცია ექნებათ ჩვენს პარტნიორებს ამაზე“. „ის, რაც ხდება ქვეყნის შიგნით, ჩვენი საქმე არ არის, ხალხმა თავად გადაწყვიტოს, რა გზას უნდა გაიაროს საქართველომ, როგორ განვითარდეს და ა.შ.“, – დასძინა მან.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება და წინადადება იყო, რომელიც „უამრავ გარემოებასთან“ არის დაკავშირებლი, მათ შორის შვებულებების სეზონთანაც“. „მე მსურდა მხარი დამეჭირა ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაამყარონ ნორმალური ურთიერთობა რუსეთთან როგორც თვითონ საქართველოში, ასევე ჩვენს ბიზნესში, და ასევე უბრალოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც საქართველო უყვართ, სურთ იქ ჩასვლა, დასვენება, შეხება ქართულ ბუნებასთან, კულტურასთან, სამზარეულოსთან და ა.შ.“, – განაცხადა მან და დასძინა: „იმაში, რომ ეს სასარგებლო იქნება ბიზნესისთვის, არასოდეს შემპარვია ეჭვი“.

თბილისის პასუხი

რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამზე დასმული კითხვის პასუხად, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმებასთან და საჰაერო მიმოსვლის ნორმალურად აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები, დღეს საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს მოუწოდა, რომ ნუ შეჰყავთ ხალხი შეცდომაში.

„ჩვენ არ გვქონია, ოფიციალურ მთავრობას და ჩვენს ხელისუფლებას არ გვქონია არანაირი მოლაპარაკება. ჩვენი ძალიან დიდი დიასპორის წარმომადგენელები ითხოვდა ამას, ქართული ბიზნესი ითხოვდა ამას, მე ვიცი, სხვა ჯგუფებიც ითხოვდნენ ამას და ეს ხდებოდა წლების განმავლობაში“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ „თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების აღდგენას, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მისი მთავრობა“.

„ჩემი განცდა, ასეთია, რომ, ალბათ, რუსეთის პრეზიდენტი გულისხმობდა სააკაშვილის მთავრობას“, – დასძინა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

„ჩვენ ფრენებთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ამ პროცესში, არც სავიზო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით და არც ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნაზე, არანაირი ძალისხმევა არ გაგვიწევია, ეს არაერთხელ ვთქვით“, – განაცხადა ასევე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button