ახალი ამბები

ყვარელში საპროტესტო აქციის დროს დააკავებულები გაათავისუფლეს

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 20 მაისს დაკავებული 17 პირი, მათ შორის, პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომლებიც ყვარელში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ნათესავის ქორწილს აპროტესტებდნენ, 21 მაისს გაათავისუფლეს.

აქციის მონაწილეების გათავისუფლებამდე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები დაკავებული პირების უფლებების დასაცავად პოლიციის შენობასთან მივიდნენ, თუმცა, მათ უკანონოდ შეეშალათ ხელი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დაცვაში, ვინაიდან პოლიციამ ადვოკატებს დაკავებულების მონახულების შესაძლებლობა არ მისცა. განცხადების თანახმად, „დაკავებულების უფლებები განგრძობითად ირღვევა“. ორგანიზაციებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს მოუწოდეს, რომ „დაუყოვნებლივ მისცენ ადვოკატებს დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქმედება აღქმული იქნება დაკავებულების დაცვის უფლების შეზღუდვად“.

მათ ასევე მოუწოდეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას „გამოეხმაუროს ადვოკატების საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს“. განცხადების ხელმომწერებს შორის არიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, უფლებები საქართველო, ადამიანის უფლებათა ცენტრი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI).

კახეთში აქციის მონაწილეთა დაკავების პარალელურად, 20 მაისს პარლამენტის შენობის წინ „არა რუსეთს“ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმებასა და კახეთში დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვდნენ.

იმავდროულად, მართალია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა 20 მაისს გამართულ ბრიფინგზე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაარწმუნა იგი, რომ სერგეი ლავროვის სანქცირებულმა შვილმა და სხვა სტუმრებმა რუსეთიდან დატოვეს საქართველო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი კვლავ საქართველოში იმყოფებოდნენ. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

მედიაკოალიცია გმობს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას

ყვარლის ტბის სასტუმროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას „მედიის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის, ტექნიკის წართმევისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტები“ დაგმო მედიის თემებზე მომუშავე არასამთავრობოთა გაერთიანება „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა ტელევიზიის ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა. „ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით, ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს კახეთის სამხარეო პოლიციის წარმომადგენლებმა გადამღები აპარატურა წაართვეს. მედიისვე ცნობით, ხდებოდა საკომუნიკაციო არხების ჩახშობაც.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს პროტესტის თავისუფლად და უსაფრთხოდ გაშუქების საშუალება არ ეძლევათ. ძალადობასა და უკანონო ჩარევაზე სახელმწიფოს უმოქმედობისა თუ თავად ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის შედეგად, სახეზე გვაქვს უკვე დამკვიდრებული ნეგატიური პრაქტიკა“, – განაცხადეს კოალიციაში და მოუწოდეს „ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მედიის საქმიანობაში უკანონო ჩარევა, უზრუნველყოს თავდასხმასა და ხელშეშლაში პასუხისმგებელი პირების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა“.

ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთის“ ცნობით, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე სახალხო დამცველის აპარატმა მოკვლევა უკვე დაიწყო.

შენიშვნა: მასალა 2023 წლის 22 მაისს აქციის გაშუქებისას ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის შემთხვევების შესახებ ინფორმაციით განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button