skip to content

ამიხსენი | ფრენები რუსეთში – პრობლემაა ევროკავშირთან?

რა მოხდა?

მოსკოვმა მიიღო გადაწყვეტილება 15 მაისიდან გააუქმოს სავიზო რეჟიმი და მოხსნას აკრძალვა პირდაპირ ფრენებზე საქართველოში. რუსულმა ავიაკომპანია „Azimuth“-მა და ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways“-მა ორივე მხრიდან ფრენების განხორციელების უფლება მიიღეს.

რატომ არის ეს კონტროვერსიული?

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მიესალმნენ მოვლენების ამგვარ განვითარებას და აღწერეს ეს, როგორც ეკონომიკისთვის, ტურიზმისთვის და რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სასარგებლოდ.
  • ოპოზიციამ და ზოგიერთმა სამოქალაქო ჯგუფმა გააკრიტიკა ინიციატივა ეროვნული უსაფრთხოების და მგზავრების უსაფრთხოების დაცვის საფუძველზე. ამავდროულად, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს დამატებით დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

რატომ არის ევროკავშირის რეაქცია საყურადღებო?

2022 წლის ივნისში საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო დიდი ხნის ნანატრი „წევრობის პერსპექტივა“, მაგრამ არა კანდიდატის სტატუსი. 2023 წლის ბოლომდე ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, დააკმაყოფილა თუ არა საქართველოს მთავრობამ ბრიუსელის მიერ დადგენილი 12 პირობა.

ამის ფონზე მთავრობა დემოკრატიულ რეფორმებს აფერხებს:

  • ოპოზიციური ტელეარხის ლიდერი კვლავ ციხეშია, იმ ბრალდებების საფუძველზე, რასაც სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები გაყალბებულად მიიჩნევენ;
  • პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობამ პოლიტიკურად მოტივირებული ვენდეტის სახე მიიღო;
  • რუსეთისგან შთაგონებული „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონის მიღების მცდელობამ, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების საქმიანობის შევიწროვებას, გააღიზიანა პრო-ევროპელი ქართველები და ქვეყნის დასავლელი მოკავშირეები;
  • ოთხი ქართველი მოსამართლე მნიშვნელოვანი კორუფციის ბრალდებით მოხვდა აშშ-ს სავიზო სანქცირებულთა სიაში.

თბილისი სულ უფრო აგრესიულად ესხმის თავს ევროკავშირის ინსტიტუტების, განსაკუთრებით ევროკავშირის პარლამენტის, წარმომადგენლებსა და უკრაინის ოფიციალურ პირებს. საბოლოოდ, საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ უმეტეს სანქციასთან მიერთებაზე.

როგორია ევროკავშირის პოლიტიკა რუსულ ფრენებთან და გადამზიდავებთან დაკავშირებით?

  • ევროკავშირის საჰაერო სივრცე დაკეტილია ყველა საჰაერო ხომალდისთვის, რომელიც რეგისტრირებულია რუსეთში ან ეკუთვნის, სრულად ან ნაწილობრივ, რუსეთის მოქალაქეებს, მაშინაც კი, თუ მათ აქვთ ევროკავშირის ორმაგი მოქალაქეობა.
  • დასავლური წარმოების რუსული თვითმფრინავები ევროკავშირის ტერიოტორიაზე აღარ შეკეთდებიან და აკრძალულია მათი ნაწილების მიწოდება ევროკავშირიდან და აშშ-დან რუსეთში. კომპანიები, რომლებიც გვერდს უვლიან ამ სანქციებს, ევროკავშირში მუშაობის ლიცენზიის დაკარგვის რისკის წინაშე დგანან.
  • საქართველო პარტნიორებმა გააფრთხილეს მსგავსი სცენარის განვითარების რისკების შესახებ, მათ შორის, შესაძლო სანქციებზე, რომელსაც შეიძლება დაექვემდებარონ საქართველოს აეროპორტში განთავსებული კომპანიები თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს.

რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება?

  • პრემიერ-მინისტრმა და მისი კაბინეტისა და პარტიის წევრებმა უარყვეს მოსაზრება, რომ ფრენების განახლების შემთხვევაში საქართველო დაარღვევს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს. საქართველოს საავიაციო ორგანომ განაცხადა, რომ სანქცირებული ავიაკომპანიები არ იმუშავებენ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა ხომალდები დაასანქცირა წარმოშობისა და მფლობელობის, და არა ცალკეული ავიაკომპანიების საფუძველზე;
  • „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფრენების უსაფრთხოება და ჩვენი გადაწყვეტილებები უნდა იყოს თანხვედრაში „იკაოს“ მოთხოვნებთან. ამიტომ, ბორტები, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ტექნიკურ ინფორმაციაზე, კვალიფიციურ შეკეთებასა და სერვისზე, საქართველოს სივრცეში ვერ იფრენენ,“ განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რა ვიცით „Azimuth“-ის შესახებ?

  • Azimuth-ი დარეგისტრირდა 2017 წლის თებერვალში დონის როსტოვში, სამხრეთ რუსეთში, რათა მომსახურებოდა 2018 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატს რუსეთში. საერთაშორისო ფრენები მან 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში, ხოლო 2019 წლის დეკემბერში მის ფარგლებს გარეთ – მიუნხენსა და თელ-ავივის მიმართულებით. 2020 წელს მან დაიწყო ფრენები ოკუპირებულ ყირიმში, უკრაინაში.
  • სანქცირებულია კომპანიის ორი მფლობელი: ვიტალი ვანცევი – თანამფლობელი და დირექტორთა საბჭოს წევრი, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის თანამფლობელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, სანქცირებულია უკრაინის მიერ; პაველ უდოდAzimuth-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, უკრაინამ დაასანქცირა, როგორც რუსული კომპანიის მთავარი მენეჯერი, „რომელიც ჩართულია იმ ქმედებების მატერიალურ (სატრანსპორტო, ლოჯისტიკა და სხვა) მხარდაჭერაში, რომლებიც ძირს უთხრიან ან საფრთხეს უქმნიან ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და უკრაინის დამოუკიდებლობას“.

სანდოობის საკითხი

  • Azimuth-ის ფრენები ხორციელდება 15 Sukhoi Superjet-100-ის ხომალდებით. ამ თვითმფრინავებს ექსკლუზიურად რუსული ავიახაზები იყენებენ. SSJ-100-ს ჰქონდა ტექნიკური პრობლემები რუსულ გადამზიდავებთან, რომელთაგან რამდენიმე, მათ შორის Azimuth-ი, განიხილავდა არასაიმედო ხომალდის Airbus 320-ებით შეცვლას. სანქციების შემდეგ ეს ცვლილებები ვერ განხორციელდა.
  • ფრენების განხორციელების დასაწყისიდან დღემდე SSJ-100-ის ხომალდები ორ ფატალურ ავარიაში და ორ სხვა სერიოზული ინციდენტშია მოყოლილი.
  • SSJ-100 გადაადგილდებოდა ფრანკო-რუსული PowerJet SaM145 ძრავით, რომელიც სანქციების გამო ვეღარ ემსახურება და ის რუსული წარმოების Aviadvigatel PD-8-ით იცვლება. რუსული პროდუქცია ასევე ჩაანაცვლებს თვითმფრინავის დასავლური წარმოების ელექტრონიკას. ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო-მ ამ და სხვა რუსული თვითმფრინავების სერთიფიცირება 2022 წლის მარტში შეაჩერა.
  • არსებობს მრავალი ცნობა მიმდინარე ე.წ. „კანიბალიზაციის“ პროცესების შესახებ, რომლის დროსაც გამართულ მდგომარეობაში მყოფი ნაწილები ამოღებულია ერთი თვითმფრინავიდან და დამონტაჟებულია სხვაზე. უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ავიაკომპანიები ამსუბუქებენ უსაფრთხოების პროტოკოლებს და სთხოვენ თანამშრომლებს, თავი შეიკავონ თვითმფრინავის დეფექტების შესახებ შეტყობინებებისგან.

დაწესდება თუ არა საქართველოს მიმართ სანქციები ფრენების გამო?

რუსეთის ფედერაციასთან ფრენების განხორციელება საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა. მართლაც, ევროკავშირის კანდიდატი სხვა ქვეყნები, როგორიცაა სერბეთი და თურქეთი, დაფრინავენ რუსეთში.

თუმცა, რუსული გადამზიდველების დაშვება – და არა უბრალოდ საჰაერო სივრცის გახსნა- შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემების წყარო გახდეს:

  • რუსეთის საკუთრებაში არსებული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის გახსნა ზიანს აყენებს საქართველოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობას, როგორც ეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისრის პრესსპიკერმა აღნიშნა. შესაბამისობის სავალალო მაჩვენებელი (31%) გარკვეულ გავლენას მოახდენს საქართველოს კანდიდატურის მზაობის შეფასებაზე.
  • მოსალოდნელია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოახლოებული მე-11 პაკეტი, მიზანში ამოიღოს მესამე ქვეყნების მეშვეობით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თავიდან აცილებას. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით ახსენა „მოწინავე ტექნოლოგიური პროდუქცია ან თვითმფრინავების ნაწილები“, რომლებიც შესაძლოა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით მოხვდნენ. შესაძლებელია, რომ რუსეთის საკუთრებაში არსებული თვითმფრინავების ფრენისა და მომსახურების ნებადართულობა მოხვდეს ამ სანქციების ქვეშ.
  • ყველა კომპანია, რომელიც ტექნიკურ მომსახურებას გაუწევს რუსეთის საკუთრებაში არსებულ თვითმფრინავებს და კომპანიებს, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ლიცენზიის დაკარგვის რისკის წინაშე დგებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button