ახალი ამბები

„მმართველი პარტიისა და მისი მედიის აღმაშფოთებელი ტყუილების“ ფონზე აშშ-ის ელჩი IRI-ის იცავს

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა 11 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წინააღმდეგ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და მმართველი პარტიის სხვა წევრების მიერ გამოთქმულ „აღმაშფოთებელ სიცრუეს“ გამოეხმაურა.

„მსურს გამოვეხმაურო აღმაშფოთებელ სიცრუეს, რაც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის შესახებ მმართველი პარტიისა და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება. IRI საქართველოში მრავალპარტიულ დემოკრატიას 20 წელზე მეტია უჭერს მხარს. უნდა აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნება“ IRI-ისგან მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია. რეალურად, „ქართული ოცნების“ ბევრი ლიდერი IRI-ის პროგრამების კურსდამთავრებულია და სარგებელი აქვს მიღებული იქიდან, რასაც IRI საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტიისთვის 20 წელზე მეტია აკეთებს“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

მისი თქმით, ჩნდება კითხვა, რატომ ცდილობს მმართველი პარტია დამოუკიდებელი გამოკითხვის ჩახშობას და თავს ესხმის ახალგაზრდებს, რომელთაც „მხოლოდ ის აინტერესებთ, რომ ისწავლონ, როგორ იყვნენ კარგი მოქალაქეები ამ ქვეყანაში“. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი გამოკითხვა, როდესაც „ის არ უჭერს მხარს თქვენს პოზიციას, შეიძლება არასასიამოვნო იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ლიდერებისთვის გამოხმაურებისა და ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რა არის საზოგადოების პრიორიტეტები“. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს პასუხისმგებელი, დამოუკიდებელი გამოკითხვა, როგორიცაა IRI-ის და NDI-ის მიერ მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩატარებული კვლევები, რომელსაც აშშ-ის კონგრესიც უჭერს მხარს.

ელჩის თქმით, „საქართველოში ვიხილეთ, რომ ახალგაზრდებს სურთ წვლილი შეიტანონ იმ საკითხების განხილვაში, რომლებიც მათ მომავალს განსაზღვრავს“. მან განაცხადა, რომ IRI-ის მუშაობა სწორედ ამაზეა: „ეს გულისხმობს მათ დახმარებას, განავითარონ საკუთარი უნარები, რათა შეძლონ საკითხების განხილვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ განსხვავებული შეხედულებები აქვთ. საუბარია იმაზე, რომ დაეხმარონ მათ გააცნობიერონ, როგორ მიიღონ მშვიდობიანი და კონსტრუქციული მონაწილეობა თავიანთ საზოგადოებაში, პოლიტიკურ პროცესში, იმუშაონ მთავრობასთან, იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა წვლილი შეიტანონ საკუთარი ქვეყნის მომავალში. IRI და NDI წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდასაჭერის საქმეში“. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა ამაყობს, რომ ეხმარება მათ მუშაობაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 10 მაისს IRI ოპოზიციური პარტიების დაფინანსების გამო გააკრიტიკა, რაც, მისი თქმით, „საქართველოში ძალადობის იდეის დანერგვას და ძალადობის წახალისებას“ ისახავს მიზნად. მისივე განცხადებით, უცხოური ფული ყალბი ორგანიზაციებისა და სქემების საშუალებით ქართულ პოლიტიკაში იდება. „ბოლო პერიოდში გამოაშკარავდა ასეთი სქემები „გირჩის“ შემთხვევაში, „დროას“, სხვა პარტიების შემთხვევაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით“, – აღნიშნა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button