ახალი ამბები

„საია“ ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაზე „ოცნების“ ინიციატივას აკრიტიკებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია“ (საია), „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ 8 მაისს დარეგისტირირებულ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარესა და 7 წევრს საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით აირჩევს, არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობა კი – არსებული 2/3-ის ნაცვლად უბრალო უმრავლესობამდე შემცირდება. ორგანიზაციის შეფასებით, ცვლილებებით მმართველი პარტია „აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას და ამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას“.

ორგანიზაციის განცხადებით, ცესკოს დაკომპლექტების მოქმედი წესი შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებით არის მიღებული და ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურაზე საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას ითვალისწინებს, ცვლილებების შემდეგ კი – „უქმდება კონსენსუსის მისაღწევად პარტიებს შორის მოლაპარაკებების საჭიროება და უმრავლესობას უფლებამოსილება ეძლევა ერთპიროვნულად დააკომპლექტოს ცესკო“.

„საია“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 პრიორიტეტის მე-2 პუნქტზეც ამახვილებს ყურადღებას ამბობს, რომ ის სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, ცესკოს დამოუკიდებლობის გაზრდას გულისხმობს. „ინიცირებული ცვლილებებით კი კონსენსუსის საჭიროების გაქრობა საარჩევნო ადმინისტრაციის საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური ხელისუფლებისათვის დაქვემდებარებას უზრუნველყოფს, რაც ინსტიტუტების გაძლიერების ნაცვლად, დაასუსტებს მათ“.

გარდა ამისა, „საიას“ თქმით, კომისიის დაკომპლექტების წესიდან პრეზიდენტის ჩამოშორებით საპარლამენტო უმრავლესობა კანონმდებლობას კვლავ არგებს საკუთარი პარტიის ინტერესებს. საქართველოს კონსტიტუციაზე მითითებით, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე წარდგინების უფლებას „ცალსახად პრეზიდენტს ანიჭებს“, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ საკანონმდებლო ინიციატივით ამ პროცესში „პრეზიდენტის არსებითი როლი იგნორირებულია“. „პრეზიდენტისათვის ცესკოს დაკომპლექტებაში არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული როლის არსებითად შემცირება დამატებით ლეგიტიმურ კითხვებს წარმოშობს კონსტიტუციასთან მისი თავსებადობის თვალსაზრისითაც“.

„მიგვაჩნია, რომ ცესკოს დაკომპლექტების [არსებული] წესის უგულებელყოფით „ქართული ოცნება“ უარს აცხადებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რითაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესს, ევროინტეგრაციის პროცესს და იმ მთავარ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებსაც საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა ეფუძნება“, – აცხადენენ ორგანიზაციაში.

შესაბამისად, „ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

  • არ დაამტკიცოს შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ “ქართული ოცნების” ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება;
  • გაითვალისწინოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები, გადადგას ქმედითი და რეალური ნაბიჯები საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის.

პრეზიდენტი ცვლილებებს ვეტოს დაადებს

მმართველი პარტიის ინიციატივას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ მას ვეტოს დაადებს. პრეზიდენტის განცხადებით, მმართველი უმრავლესობა უკვე მესამედ ცვლის კანონებს იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტმა არ წარადგინა მათთვის სასურველი კანდიდატები კონკრეტულ თანამდებობებზე.

„პრეზიდენტი კანდიდატურების შერჩევისას ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით. პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას, მაგრამ პრინციპულად მიაჩნია, რომ ასეთ თანამდებობებზე ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს’, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შენიშვნა: მასალა 2023 წლის 10 მაისს, პრეზიდენტის განცხადებით განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button