ახალი ამბები

3 კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა

ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე სამი ტელევიზიის – „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტელეკომპანია პირველის“ 3 ჟურნალისტსა და 3 ოპერატორს პარლამენტმა 6 აპრილს აკრედიტაციები ერთი თვით შეუჩერა.

პარლამენტის აპარატის მიერ მათთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ აკრედიტაციის ახალი წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი დაარღვიეს, რომლის თანახმადაც ჟურნალისტი ვალდებულია, რომ დეპუტატის, აპარატის თანამშრომლის, ან საკანონმდებლო ორგანოში სტუმრად მყოფი პირის მიერ უარის შემთხვევაში, ინტერვიუ შეწყვიტოს.

„ტელეკომპანია პირველისა“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს აკრედიტაცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ელისო ბოლქვაძისგან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებაზე კომენტარის მიღების მცდელობის გამო შეუჩერეს. რაც შეეხება „ფორმულას“, ჟურნალისტი დეპუტატს პროსახელისუფლებო ტელევიზია „პოს ტვ-ის“ წამყვანისა და დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის შესახებ ეკითხებოდა, რომელიც რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.

არასამთავრობოების გამოხმაურება

კრიტიკული მედიის ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას გუშინვე გამოეხმაურა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ და აღნიშნა, რომ აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილებით შეუძლებელია დადგინდეს, რა მოკვლევა ჩატარდა საკითხზე და რა სტანდარტით მოქმედებს პარლამენტის აპარატის უფროსი გადაწყვეტილების მიღებისას. ჩნდება ეჭვი, რომ ეს უკავშირდება კონკრეტული მედიაპროდუქტის შინაარსს.

ქარტიის განცხადებით, „იმ ფონზე, როდესაც მედიისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება და მმართველი პარტიის წარმომადგენლები შერჩევითად აძლევენ ინტერვიუს მედიასაშუალებებს, მსგავსი რეგულაციები რიგი მედიასაშუალებებისთვის შეუძლებელს ხდის ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისთვის მიწოდებას“.

ქარტია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, „არ დაუშვას, რომ საფრთხე შეექმნას დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, საჯაროობა, ღიაობა და გააუქმოს მიღებული ბრძანება, რომელიც გამოიწვევს ფორმალურ დაბრკოლებებს და საქმიანობის შეზღუდვას მედიისთვის“.

ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების გამო „შეშფოთება“ დღეს ცალკე განცხადებით გამოხატა „მედიის ადვოკატირების კოალიციამაც“ და აღნიშნა, რომ „მსგავსი გადაწყვეტილება, მედიის ჩართულობისა და მათი ლეგიტიმური პოზიციების გათვალისწინების გარეშე, ჟურნალისტებისათვის საფრთხის შემცველია და შესაძლოა მედიისათვის კრიტიკული კითხვების შეზღუდვისა თუ სარედაქციო პოლიტიკაზე წნეხის მექანიზმად იყოს გამოყენებული“.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში „უკიდურესად მძიმე“ მედიაგარემოს პირობებში, პარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს განსხვავებულ აზრის გამოხატვისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის შესაძლებლობას. ამდენად, კოალიცია მოუწოდებს, პარლამენტს „სასწრაფოდ აღუდგინოს ტელეკომპანიების თანამშრომლებს აკრედიტაცია და შეწყვიტოს ამ ფორმით კრიტიკულ მედიაზე დამატებითი ზეწოლის ახალი, მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრება“.

ომბუდსმენის გამოხმაურება

საკითხს დღეს ომბუდსმენის ოფისიც გამოეხმაურა და თქვა, რომ პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესი „პრობლემურია“ , რადგანაც მასში „არ არის გაწერილი მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხი, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილებაში კი, არ არის მითითებული მისი გასაჩივრების ვადა და პროცედურა, რაც კანონმდებლობის აუცილებელ მოთხოვნას  წარმოადგენს“.

„მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხელს უშლის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას“, – განაცხადა ომბუდსმენის აპარატმა და მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს, „სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას. ჟურნალისტების მიმართ გატარებული ნებისმიერი კანონიერი ღონისძიება კი ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button