skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

არასამთავრობოთა მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 22 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები 81 ხმით დაამტკიცა.

2022 წლის 7 სექტემბერს ინიცირებული ცვლილებებით, რომლის მიზნადაც ქართული ოცნების დეპუტატებმა საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ ევროკავშირის შესაბამის დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანა დაასახელეს, ფართოვდება კომუნიკაციების კომისიის მხრიდან მედიის შინაარსის ზედამხედველობის საშუალება.

ამასთან, იცვლება ცილისწამებასთან დაკავშირებული დავების მოგვარების წესიც და ემატება „პასუხის უფლების“ პუნქტი, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ კონკრეტულმა მედიამ მათ შესახებ ყალბი და ცილისწამებლური ინფორმაცია გაავრცელა, საჩივრით პირდაპირ კომუნიკაციების კომისიას მიმართონ. ამ დრომდე მოქალაქეები მსგავს შემთხვევებში „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა“ ან სასამართლოს მიმართავდნენ. გარდა ამისა, კომისიის გადაწყვეტილებები მიღებისთანავე შევა ძალაში, მიუხედავად იმისა, გასაჩივრდება თუ არა ისინი სასამართლოში.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ინიცირებიდან მალევე გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს ქმნიდა, რაც ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოს გააუარესებდა.

მათვე ხაზი გაუსვეს, რომ „კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიასაშუალებების სანქცირების პრაქტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად იზრდებ[ოდ]ა კრიტიკული მედიის მიმართ პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებით მოსალოდნელი ზიანის რისკი“.

არასამთავრობოების მხრიდან კრიტიკის არსი

ცვლილებების მიღებამდე ერთი დღით ადრე, 21 დეკემბერს, მედიის თემაზე მომუშავე არასამთავრობოთა გაერთიანებამ „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის პროცესი „დაჩქარებულად, სფეროში ჩართული ადამიანების მოსაზრებების გაზიარების და რისკების შეფასების გარეშე წარიმართა, რაც ქვეყანაში ისედაც მძიმე მედიაგარემოს გაუარესების საფრთხეს ქმნის“.

არასამთავრობოებმა ცვლილებების მოტივად ევროდირექტივის შესრულებაზე ქართული ოცნების არგუმენტიც გაიხსენეს და ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირი არ მიუთითებს ქვეყნებს თუ კონკრეტულად როგორ უნდა შეცვალონ საკუთარი კანონმდებლობა. „დირექტივის შესასრულებლად მთავარია, ქვეყნებმა მის მიერ დასახულ მიზანს მიაღწიონ. [ამგვარი მიდგომა] ქვეყნებს აძლევს საშუალებას, დირექტივის შესრულებისას არსებული გარემოებები გაითვალისწინონ და ისეთი გზა აირჩიონ, რომელიც სფეროს არ დააზიანებს“.

ამასთან, მათივე თქმით, „ევროკავშირმა ვალდებულების შესასრულებლად და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე სამუშაოდ პროცესი 2023 წლის 31 მაისამდე გადაავადა“.

არასამთავრობოების განმარტებით, საქართველოში არსებული მედიაგარემოს საფრთხეების გათვალისწინებით, ტელემაუწყებლობის უმრავლესობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტზე იმუშავეს, რომელით კანონპროექტის სახით პარლამენტს დეპუტატმა თამარ კორძაიამ წარადგინა, „თუმცა შეთავაზება მხედველობაში არ მიუღიათ“.

„მედიის ადვოკატირების კოალიციას“ მიაჩნია, რომ „მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით და იცოდეს, რომ არ სრულდება ის მინიმალური სტანდარტიც კი, რომელიც დაინტერესებული პირების პროცესებში ჩართულობას გულისხმობს“.

დღეს ცალკე განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ და მოუწოდა პარლამენტს არ მიეღო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში „მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button