ახალი ამბები

ქართველი პოლიტიკოსები ულტრაკონსერვატიული მოძრაობის აქციას ეხმიანებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა და თბილისის მერმა დადებითად შეაფასეს 30 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა „აი უცნობის“ მიერ გამართული  საპროტესტო აქცია სახელწოდებით „მოვდივარ – საქართველო უპირველეს ყოვლისა“, რომელიც, სავარაუდოდ, „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო 7-9 მარტის დემონსტრაციების საპასუხოდ გაიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მხარი დაუჭირა აქციის მონაწილეებს და განაცხადა: „იყო ხალხი გამოსული, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ეროვნულ ინტერესზე ფიქრობს და საქართველოსა და საქართველოს სიყვარულის გარდა, მე მგონი, იქ არაფერზე არ იყო საუბარი“. მან ის ადამიანებიც გააკრიტიკა, რომლებიც აცხადებენ, რომ „საქართველოზე საუბარი ნიშნავს ანტიდასავლურობას და პრორუსობას“. „როგორც კი ვინმე საუბრობს საქართველოზე, ეროვნულ ინტერესზე და ა.შ. იქვე გამოდის პირდაპირ იარლიყების მიწებება, თითქოს ეს არის ანტიდასავლური“, – დასძინა მან.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ „ბოლო დროს ძალიან აგრესიული და ომის რიტორიკით გამსჭვალული დემონსტრაციების ფონზე, აღნიშნული მშვიდობისკენ მიმართული და ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული ადამიანების მრავალათასიანი შეკრება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო“. მისივე თქმით, „მივესალმები ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც საქართველო უპირველეს ყოვლისა იყო და ეს იყო ამ შეკრების დევიზი“.

აქციას თბილისის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იქ მისული იყვნენ „მშვიდობისა და ქვეყნის წარმატების მოსურნე“ ადამიანები. „აქციას ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული. ვისთვისაც მშვიდობა მნიშვნელოვანია, ვისთვისაც სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა. მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც გამსჭვალულია პატრიოტიზმით, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, ეკონომიკური განვითარება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ აქცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი ორგანიზატორი „ქართული ოცნებაა“ და მისი მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა ანტი-დასავლური და პრო-რუსული გზავნილებით. „მიუხედავად ორგანიზებულობისა, ჩამოყვანილი ადამიანებისა, მრავალკვირიანი კამპანიისა, მათთვის სამწუხაროდ და ჩვენთვის საბედნიეროდ, ეს აქცია იყო იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში, სადაც მოსახლეობის 85 პროცენტს სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი ჩვენი ქვეყანა, რუსეთს და ანტიდასავლურ პროპაგანდას მომავალი არ აქვს“, – განაცხადა მან.

კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ამ აქციით საკუთარი გზავნილის ეფექტურობას ამოწმებდა მოქალაქეებს შორის, თუმცა მისი ძალისხმევა წარუმატებელი გამოდგა. „ხელისუფლებას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა წავიდეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ“, – განაცხადა მან. „ძალიან კარგად ხედავს [ქართული ოცნება], რომ არც მისი პროპაგანდა მუშაობს და არც მისი ის მესიჯები, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია ქვეყნის ინტერესებთან“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button