აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები: ნიკა გვარამიას შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია
24 აპრილს უნარების კვირეულის ღონისძიების ფარგლებში აშშ-ისა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებმა – კელი დეგნანმა და პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან რიგი საკითხები მიმოიხილეს, მათ შორის, სასამართლო სისტემა საქართველოში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალება და სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით პარლამენტის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა.
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი
როდესაც კელი დეგნანს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებისა და აშშ-ში მოსამართლეთა სასწავლო ტურების შესახებ ჰკითხეს, ელჩმა უპასუხა, რომ აშშ-ის სასწავლო ტურები ქართველ მოსამართლეებს საშუალებას აძლევს ისწავლონ თავიანთი ამერიკელი კოლეგებისგან, გაცვალონ საუკეთესო პრაქტიკა და ცოდნა. მან აღნიშნა, რომ პროგრამები ღიაა ყველა კვალიფიციური მოსამართლისთვის, ვინც მზადაა ისარგებლოს ამ გაცვლითი პროგრამებით და ახალი იდეები შეიტანოს თავიანთ სასამართლოებში. თუმცა, ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ ამ პროგრამებში მონაწილეობის დრო და ინტერესი.
საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ პარლამენტმა შექმნა ასეთი კომისიები როგორც მექანიზმი იმ მნიშვნელოვანი საკითხების გამოსაძიებლად, რომლებიც მეტ გამჭვირვალობასა და ქართველი ხალხის ინფორმირებულობას მოითხოვს. მისი თქმით, ეს მექანიზმი სასარგებლოა და გამოიყენება ბევრი პარლამენტის, მათ შორის , აშშ-ის კონგრესის მიერ. „იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ [საქართველოს]პარლამენტი და მისი წევრები სრულფასოვნად გამოიყენებენ ამგვარ მექანიზმებს, რომლებიც მათი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად შეიქმნა“, – აღნიშნა ელჩმა.
- 20/04/2023 – კვორუმის არარსებობის გამო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა უკვე მესამედ ვერ შედგა
რაც შეეხება ჰელსინკის კომისიის მოწოდებას ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, რომ ჰელსინკის კომისია ძალიან პატივსაცემი ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს მანდატი აშშ-ის კონგრესისგან, რომ მსოფლიოს მასშტაბით ადამიანთა უფლებებს, მათ შორის, მედიის თავისუფლებას გაუწიოს მონიტორინგი. „ამ ორგანიზაციამ, ისევე როგორც სხვებმა, მათ შორის, ჩვენმა საელჩომ, მკაფიოდ განაცხადა გვარამიას საქმეზე არსებულ წუხილებზე, მათ შორის, ბრალდებაზე, ბრალის წაყენების დროსა და შესაბამისად, მსჯავრის და გადაწყვეტილების თაობაზე“, – განაცხადა ელჩმა. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ „შეწყალების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისაღებია და მე დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ის ითვალისწინებს ყველა ასეთ თხოვნას, მათ შორის, ჰელსინკის კომისიის თხოვნას“.
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი
პაველ ჰერჩინსკიმ დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნა, რომ ქართველ ხალხს ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო უნარების შეძენაში დაეხმაროს. ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებთან დაკავშირებით, ელჩმა განაცხადა: „იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს რაიმე უკანონო კრიმინალურ ქმედებებს, ეს ქმედებები გამოძიებული უნდა იყოს, ხოლო პასუხიმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“.
როდესაც ევროკავშირის ელჩს ნიკა გვარამიას საქმეზე ჰკითხეს – მოელის თუ არა ის, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მას შეიწყალებს? – მან უპასუხა: „საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია შეიწყალებს თუ არა გვარამიას და, რეალურად, მისი კონსტიტუციური უფლებაა შეიწყალოს ვისი შეწყალებაც სურს. ასე რომ, ამაზე ვერაფერს ვიტყვი“. კითხვაზე – იმოქმედა თუ არა გვარამიას საქმემ ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებებზე? – ელჩმა განაცხადა, რომ მედიის თავისუფლება ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია და რომ „პროფესიონალიზმი, დამოუკიდებლობა, თავისუფალი გამოხატვა იმ პრინციპებთაგანია, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება. ამრიგად, ამ და სხვა საქმეებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ევროკომისიას კიდევ აქვს დრო, რომ თავისი შეფასება მოამზადოს გაფართოების ანგარიშის ფორმით“. მანვე დასძინა, რომ ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება, ხოლო საქართველოს შემდგომ ნაბიჯზე გადაწყვეტილება დეკემბერში მიიღება.
ევროკავშირის ელჩმა საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივასა და მოსამართლეების დასანქცირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ წავიდნენ წინ. „ჩვენი მხრიდან ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვითხოვთ სასამართლო სისტემის სიღრმისეულ რეფორმას, რათა ის იყოს სრულიად პროფესიონალური და სრულიად დამოუკიდებელი“. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მუშაობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, რათა მან ახალი რეფორმები განახორციელოს სასამართლოს სრული დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის უზრუნველსაყოფად. მან აღიარა, რომ ეს რეფორმები მომთხოვნი და რთულია, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ საკმარისი დროა მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად.
ასევე წაიკითხეთ:
- 21/04/2023 – საერთაშორისო ორგანიზაციები პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ
- 06/04/2023 – ევროპის საბჭოს ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში „საკანონმდებლო რეფორმის ნაკლებობაა“
- 07/11/2022 – ევროპარლამენტარები პრეზიდენტ ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)