ახალი ამბები

კვორუმის არარსებობის გამო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა უკვე მესამედ ვერ შედგა

სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო 20 აპრილის პლენარულ სხდომაზე უკვე მესამედ არ შედგა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის დეპუტატებმა კენჭისყრის ჩატარებისთვის საჭირო რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს.

კენჭისყრის ჩატარებისთვის 76 დეპუტატის რეგისტრაციაა საჭირო, თუმცა გუშინდელის მსგავსად, დღესაც რეგისტრაცია მხოლოდ 52-მა დეპუტატმა გაიარა, რაც საკმარისი არ იყო.

პროცედურის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ყველა დეპუტატის ვალდებულებაა გაუფრთხილდეს „სახელმწიფო სუვერენიტეტს, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს“ და რომ მმართველი გუნდი სწორედ ამ პრინციპის შესაბამისად მოქმედებს. „ჩვენ პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე, რა თქმა უნდა, დაცული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი ჩვენი მხრიდან. შესაბამისად, დღესაც არ გავივლით რეგისტრაციას“, – ხაზი გაუსვა მან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 აპრილს „მნიშვნელოვანი კორუფციის“ ბრალდებით ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ოპოზიციამ დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივა გასულ კვირას გააჟღერა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მის შესაქმნელად საჭირო 50 აქვს, მმართველი უმრავლესობის ბოიკოტის გამო ამას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

მმართველი გუნდის მიერ კენჭისყრისთვის საჭირო რეგისტრაციის გავლაზე მესამე უარს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა მოუწოდოს უმრავლესობის წევრებს, რომ „კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს პარლამენტს“. „საქართველოს პარლამენტი უკვე მესამე დღეა პარალიზებულია, იმიტომ, რომ უმრავლესობა არის ბოიკოტის რეჟიმში და ხელისუფლება, რომელიც აქამდე უზურპირებული იყო, ახლა სრულად პარალიზებულია, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში“, – ხაზი გაუსვა მან.

„… ვერაფრით ვერ გაბედეთ კენჭისყრის ჩატარება. თქვენ ხართ პირადად პასუხისმგებელი იმაზე რომ მთელი საპარლამენტო მუშაობა იბლოკება… არ იცით, რა უქნათ საკუთარ შიშს და დავალებას, რომელიც თქვენი არაფორმალური მმართველისგან მიიღეთ“, – თქვა „რესპუბლიკური“ პარტიის დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ და დასძინა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციის კონსტიტუციური უფლებაა. „გაბედეთ და უთხარით თქვენს უმრავლესობას ნუ აკეთებენ საპარლამენტო მუშაობის პარალიზებას. ჩაატარეთ კენჭისყრა, ეს თქვენი პასუხისმგებლობაა“, – უთხრა მან პარლამენტის თავმჯდომარეს.

„…ის ორგანო, რომლის თავმჯდომარეც თქვენ ხართ და პირველი ორგანოა, საპარლამენტო რესპუბლიკაში, ვერ ფუნქციონირებს მარტო იმის გამო, რომ ოპოზიციას არ გვაძლევთ კანონით მონიჭებულ უფლებას შევქმნათ საგამოძიებო კომისია“, – მიმართა ასევე შალვა პაპუაშვილს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ და მოუწოდა მას, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დაიყოლიოს საკუთარი პარტიის წევრები, რომ „კონსტიტუცია და კანონმდებლობა თავზე არ დაახიონ საქართველოს მოქალაქეებს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button