skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში „საკანონმდებლო რეფორმის ნაკლებობაა“

2023 წლის 6 აპრილს გამოქვეყნებული ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მე-16 წლიური ანგარიშის „ზედამხედველობა ECHR-ის გადაწყვეტილებების აღსრულებაზე 2022“ მიხედვით, საქართველოს აქვს პროგრესისა და საკანონმდებლო რეფორმების ნაკლებობა პროკურატურის გარე დამოუკიდებლობის გაძლიერების მხრივ და ხელისუფლება ნაკლებად იცავს ლგბტქი აქტივისტებს კერძო პირების მხრიდან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისგან.

კომიტეტი ასევე გამოთქვამს „ღრმა შეშფოთებას“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო და მოუწოდებს ხელისუფლებას გააძლიეროს არასათანადო მოპყრობის გამოძიების დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მინისტრთა კომიტეტმა 2022 წელს 10 საქმე მიიღო საქართველოს წინააღმდეგ (2021 წელს – 12 და 2020 წელს – 13). 2022 წლის 21 დეკემბრის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ჰქონდა 68 საქმე აღსასრულებლად ( 2021 წელს – 63 და 2020 – 53 წელს), საიდანაც ექვსი იყო წამყვანი საქმე (საქმეები, რომლებშიც იდენტიფიცირებულ იქნა ახალი სტრუქტურული და/ან სისტემური პრობლემები, რაც მოითხოვდა ახალი ზოგადი ზომების მიღებას მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან ასაცილებლად) კლასიფიცირებული გაძლიერებული პროცედურის ფარგლებში (ზედამხედველობის პროცედურა საქმეებზე, რომლებიც საჭიროებს გადაუდებელ ინდივიდუალურ ზომებს, საპილოტე გადაწყვეტილებები და სასამართლოს მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი სტრუქტურული და/ან კომპლექსური პრობლემების გამოვლენა) და 21 იყო წამყვანი საქმე კლასიფიცირებული სტანდარტული პროცედურის მიხედვით.

2022 წელს, საქართველომ სასამართლოს მიერ დაკისრებული ანაზღაურება სრულად გადაიხადა ცხრა საქმეზე, ხოლო სრული გადახდის ან/და საპროცენტო განაკვეთის დადასტურებას ელოდნენ ორ საქმეზე, რომლებისთვისაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ექვსთვიანი ვადა გასული იყო.

განსახილველი საქმეები მოიცავს არასათანადო მოპყრობას, სიძულვილის დანაშაულს და ოჯახში ძალადობას, ასევე მათ არაეფექტიან გამოძიებას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების შეზღუდვას, შეკრებისა და რელიგიის თავისუფლების დარღვევებს, სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ანგარიშში ასევე ნახსენებია არაერთი გახმაურებული საქმე.

მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ – საქმე ეხება „მე-18 მუხლს“ რაც გულისხმობს „უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ბოროტად გამოყენებას“. ანგარიშში ნათქვამია, რომ კომიტეტმა საქმის განხილვა განაგრძო. 2022 წლის მარტში ჩატარებული ბოლო გამოკვლევის დროს, „კომიტეტმა აღნიშნა საკანონმდებლო რეფორმის წინსვლის ნაკლებობა, რომელიც პროკურატურის გარე დამოუკიდებლობასა და პროკურორების ინდივიდუალური დამოუკიდებლობას გააძლიერებდა“ და მოუწოდა ხელისუფლებას, სწრაფად წარმოედგინათ კონკრეტული წინადადებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

ორი სხვა შემთხვევა, რომელიც კონკრეტულად არის მოხსენიებული ანგარიშში „სისტემური, სტრუქტურული ან კომპლექსური პრობლემებისა და მიღწევების“ კონტექსტში არის:

ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ – კომიტეტმა ხელახლა განიხილა საქმე და „გამოთქვა ღრმა შეშფოთება ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლის შედეგად განვითარებული მოვლენების გამო და მოუწოდა ხელისუფლებას მიაწოდოს ინფორმაცია საკანონმდებლო და სხვა ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ითვალისწინებს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერებას არასათანადო მოპყრობის გამოსაძიებლად“. მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას გააუმჯობესოს კანონმდებლობა და პრაქტიკა მსხვერპლის სტატუსის მინიჭების, ასევე გამოძიების შეწყვეტის ან დევნის დაწყებაზე უარის თქმისას გადაწყვეტილებების გადახედვის შესახებ.

იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ– რომელიც ძირითადად ეხება სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ლგბტქი აქტივისტების მიმართ კერძო პირების მიერ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისგან დაცვის ნაკლებობას, კომიტეტმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, უმაღლეს დონეზე გადასცეს ცალსახა ნულოვანი ტოლერანტობის გზავნილი ლგბტქი პირების დისკრიმინაციისა და სიძულვილის დანაშაულის ყველა ფორმის მიმართ. 2021 წლის და წინა ე.წ. „ღირსების მარშების“ შესახებ კომიტეტმა მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიებები აღნიშნულ ქმედებებში პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად და დასასჯელად. კომიტეტმა ასევე „მოითხოვა შეიქმნას სპეციალიზებული საგამოძიებო განყოფილება, რათა განისაზღვროს ნებისმიერი სხვა ხელშესახები ინსტიტუციური ღონისძიება გამოძიების ეფექტურობის, გაუმჯობესებისა და სანქციების გასაუმჯობესებლად“. კომიტეტმა ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გამოასწოროს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის პროექტი 2022-2030 წლებში, „რომელიც ადეკვატურად არ პასუხობს ლგბტი თემის საჭიროებებს“.

ანგარიში და მისი რეკომენდაციები განსაკუთრებით საყურადღებოა კანდიდატის სტატუსისთვის ევროკავშირის 12 პირობის ფონზე, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: სასამართლო სისტემის რეფორმა და ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელზეც კომიტეტმა 2022 წელს გაამახვილა ყურადღება, ის ფაქტი იყო, რომ ევროსაბჭოდან მისი გარიცხვის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტა მონაწილეობა გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგის სისტემაში, თუმცა იგი კვლავ ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები. ამან გავლენა იქონია საქართველოზე, რადგან ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ აღძრული ორი სახელმწიფოთაშორისი საქმე ჯერ კიდევ აღსასრულებელია. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I) ეხება საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობით დაკავებას და რუსეთის ფედერაციიდან გაძევებას 2006 წლის სექტემბრის ბოლოდან 2007 წლის იანვრის ბოლომდე. ასევე, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე (II) ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა დარღვევას 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის კონტექსტში.

კერძოდ, საქმეზე, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქეების დაკავებასა და რუსეთის ფედერაციიდან გაძევებას, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა უნდა გადაუხადოს ფულადი კომპენსაცია საქართველოს სახელმწიფოს, რომელიც თავის მხრივ გამოავლენს დაზარალებულებს კომპენსაციის გადაცემის მიზნით. ეს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, მას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და განაჩენით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა მოჰყვა.

რაც შეეხება 2008 წლის ომთან დაკავშირებულ საქმეს, ანგარიშში ნათქვამია, რომ კომიტეტმა მიიღო შუალედური რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა რუსეთის ხელისუფლებას წარედგინა ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ საფუძვლიანად და დროულად გამოეძიათ მძიმე დანაშაულებები, ჩადენილი საომარი მოქმედებების დროს. ასევე, გამოავლინოს ყველა პასუხსიმგებელი პირი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებებისთვის და დასაჯოს ისინი. კომიტეტმა მტკიცედ გაიმეორა დაჟინებული მოთხოვნა, რომ რუსეთის ფედერაციამ, რომელსაც აქვს ეფექტური კონტროლი ამ რეგიონებზე, უზრუნველყოს იმ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო დაბრუნება, რომელთაც ეს სურთ.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ყოველწლიური ანგარიშის გამოცემას წინ უძღვოდა პრესრელიზი რომლის თანახმადაც, ევროპულმა სასამართლომ მინისტრთა კომიტეტს 1 459 ახალი საქმე გადასცა, რომელიც ზედამხედველობს მათ შესრულებას წევრი სახელმწიფოების მიერ. 2022 წელის ანგარიში აჩვენებს, რომ გასული წლის ბოლოს განსახილველი საქმეებიდან 2 352 (38%) ეხებოდა რუსეთის ფედერაციას, რომელიც 2022 წლის 16 მარტს გაირიცხა ევროპის საბჭოდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button